LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელდარ შენგელაია 90 – ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა დღეს გაიხსნება!

329
ელდარ-შენგელაია

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, 1-5 თებერვალს წარმოგიდგენთ ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივას.

რეტროსპექტივა ეძღვნება ლეგენდარული ქართველი რეჟისორის 90 წლის იუბილეს.

1 თებერვალს, 19:00 საათზე რეტროსპექტივას გახსნის ელდარ შენგელაიას 1968 წელს გადაღებული ერთ-ერთი გამორჩეული და ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“. კინოჩვენებას თავად ელდარ შენგელაიაც დაესწრება.

მომდევნო დღეებში კი ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი იხილავს ფილმებს: „თეთრი ქარავანი“ (1963), „მიქელა“ (1965), ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983), „სავარძელი“ (2017), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „შერეკილები“(1973) და „მრავალჟამიერი“ (ტრილოგია, 2022).

ფილმების ჩვენებები შედგება საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში. დასწრება თავისუფალია. პროგრამა იხილეთ შემდეგ ბმულზე.

ელდარ შენგელაიას ფილმები დღესაც არ კარგავს აქტუალობას საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ. კინორეჟისორის იუბილესთან დაკავშირებით, თებერვალ-მარტში მისი ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს ლონდონი, ბერლინი და ლისაბონი.

კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქართული ფილმების დაბრუნების პროცესი 2016 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ამ ეტაპზე ფილმსაცავიდან „გოსფილმოფონდი” ჩამოტანილია 51 ფილმი, აქედან აღდგენილია 49.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g