მოძრაობა „დროას“ ლიდერი, მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მასთან მოსანახულებლად მისულ „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჩიხური სიტუაციიდან გამოსავლის ვერსიები შესთავაზა. როგორც მანვე განაცხადა, მზადაა ყველა კომუნიკაციისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული.
როგორც ელენე ხოშტარიამ განმარტა, შედეგი არის ვითარების განმუხტვა და არა ვინმეს მოგება, ან წაგება და კუნთების თამაში.
„ჩემი კარი ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, პირველ რიგში, „ქართული ოცნებისთვის“, ვისაც ამ ჩიხური სიტუაციიდან უნდა გამოსვლა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძალიან დეტალურად ვესაუბრე და ავუხსენი, რა არის ჩემი შიმშილობის მოტივაცია, რა არის პრინციპული სიმტკიცე, რომელსაც მე არ გადავუხვევ არცერთ შემთხვევაში. ეს არაა სიჯიუტე, ესაა ის აუცილებელი ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ, რათა გამოვიდეთ ამ ჩიხური სიტუაციიდან,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ არ ჩათვალოს, რომ ესაა ან პოლიტიკური თამაში, ან ვინმე აპირებს უკან დახევას. როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ოპოზიცია ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ქვეყანა ჩიხში არ გადავარდეს.
„ჩემი ამოცანა არაა, ამ კონკრეტულ საკითხში, ვინმეს კედელთან მიმწყვდევა. მე ვარ სრულიად მოქნილი. მე ის ვერსიები, რაც შეიძლება იყოს გამოსავალი შევთავაზე და რა თქმა უნდა, მათ არცთუ ისე ბევრი დრო აქვთ გადაწყვეტილების მისაღებად,“ – დასძინა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მამუკა მდინარაძე მივიდნენ