LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენკასთან” გაფორმებული ხელშეკრულება გახარიას მიერ დატოვებული ნაღმია: დავით ჩიხელიძე

128
დავით ჩიხელიძე

“ენკასთან გაფორმებული ხელშეკრულება გახლავთ გახარიას მიერ დატოვებული ნაღმი.” – დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე “ნამახვანჰესთან” დაკავშრებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოსა და თურქულ კომპანიას შორის გაფორმდა, ცალსახად საქართველოს საზიანოდ არის შედგენილი.

მისი თქმით, საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელს აწერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და კითხვები, რომელიც დღეს არსებობს, მიმართული უნდა იყოს სწორედ გახარიას მიმართ, რომელმაც ჩიხელიძის განცხადებით, საკუთარი უპასუხისმგებლო პოლიტიკით სახელმწიფო მძიმე და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა:

“ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროს გახარია პრემიერ მინისტრის თანამდებობას იკავებდა, მისი პირდაპირი ვალდებულება საქართველოს ინტერესების დაცვა და გატარება იყო, ის კი პირიქით მოიქცა, უგულებელყო სახელმწიფო ინტერესები. მან საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი გასცეს.” – წერს სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დავით ჩიხელიძე.

ჩიხელიძე, მისი შეფასებით, ხელშეკრულებაში არსებულ სახელმწიფოს საზიანო პუნქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

1. ენკას 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1 409 391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1 535 975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში.აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2 372 409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445 245 კვ.მ ტყე;

2. ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, 15 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია 6.2 ცენტად, რომელიც ყოველწლიურად 3%-ით გაიზრდება. ელექტროენერგიის საფასური იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ენერგობაზარზე სხვა მომწოდებლების მიერ უზრუნველყოფილი ენერგია;

3. კომპანიისთვის გადაცემული მიწის გარდა, დაახლოებით დამატებით 600 ჰექტრამდე ტერიტორიაზე, მთავრობა ვალდებულია „ენკა რინიუებლზს“ 1 ლარად გადასცეს სხვა „საჭირო მიწის ნაკვეთებიც“. მიწის „საჭიროებას“კომპანია ადგენს, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართოა, რომ მოიცავს რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი;

4. იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია სახელმწიფოსგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, განუსაზღვრელად დიდია. ყველა შესაძლო ბიზნესრისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითაა დაზღვეული;

5. 15 წლის შემდგომ კომპანია არ არის ვალდებული ელექტროენერგია საქართველოს ბაზარზე გაყიდოს. რაც აბათილებს არგუმენტს, რომ ნამახვანჰესი საქართველოს გაზრდილ ენერგო-საჭიროებებს მოემსახურება გრძელვადიან პერსპექტივაში;

6. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არამხოლოდ რიონი და მისი შენაკადები, არამედ, ასევე, მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი;

7. მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან;

8. კომპანია და „პროექტის მონაწილეები“ უფლებამოსილი არიან, მოითხოვონ მთავრობისგან ნებისმიერი ზიანის კომპენსირება, რომელიც მიადგებათ გადასახადის ზრდით, ან ნებისმიერი იმგვარი რეგულაციის შემოღებით, რაც გაზრდის მათ საგადასახადო ტვირთს. მთავრობა არამხოლოდ ვალდებულია, კომპანიას აუნაზღაუროს გადასახადების ზრდით გამოწვეული შემცირებული შემოსავალი ან გაზრდილი ხარჯი, არამედ ასევე დამატებით „დანაკარგი”, ანუ ზიანი. დანაკარგი კი ხელშეკრულებით მაქსიმალურად ფართოდაა განმარტებული და პირდაპირ ზიანთან ერთად, მოიცავს შემოსავალსა და მოგებას, რომელიც კომპანიამ ვერ მიიღო და ასევე, დაკარგულ შესაძლებლობასაც კი. ამასთან, მთავრობა ვალდებულია, კომპენსაცია გადაუხადოს არამხოლოდ კომპანიას, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებსაც;

9. შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს, ანუ იმ პირობებში, როდესაც კომპანიას ხელშეკრულებით საქართველოს მოქალაქეების გადამზადების ვალდებულება არ აკისრია, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ადგილზე ელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კვალიფიკაციის კადრები აღმოჩნდებიან;

10. ფორს-მაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა. ნებისმიერი საჯარო აგიტაცია ან პროტესტი, რომელიც ხელს უშლის მშენებლობას ან პროექტის ოპერირებას. ხელშეკრულებით, ამგვარი ფორს-მაჟორული სიტუაციების დროს მთავრობა ვალდებულია, კომპანიას, კონკრეტულ დანახარჯებთან ერთად, აუნაზღაუროს მიყენებული ზიანიც, იგივე „დანაკარგი“, რომელიც ხელშეკრულებით უკიდურესად ფართოდ განმარტებული ტერმინია;

11. მდინარე რიონის 32 კილომეტრი 99 წლით თურქული კომპანიის საკუთრებაა!

12. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი: თუ მოსახლეობის პროტესტის შედეგად, კომპანია ენკა ვერ განახორციელებს ნამახვანჰესის მშენებლობას, სახელმწიფოსგან მოითხოვს კომპენსაციას 400 მილიონ დოლარს.” – წერს ის.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ეს ხელშეკრულების მხოლოდ მცირედი ნაწილია; მასში კიდევ არაერთი ბუნდოვანი და სახელმწიფოს საზიანო პუნქტია; ენკასთან გაფორმებული ხელშეკრულება გახარიას მიერ დატოვებული ნაღმია, რომელიც ქვეყანაში არეულობის და ქაოსის გამოწვევას ემსახურება, ქვეყანაში ქაოსი კი ჩრდილოელ მეზობლის ინტერესს წარმოადგენს.

 

mazda magti 5g