„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე აქციებს აანონსებს. როგორც მან აღნიშნა, აქციების მიზანია, ეს პარტია მთელი საქართველოს მასშტაბით ქუჩის პროტესტის ფლაგმანი გახდეს.
„ჩვენი მიზანია, რომ ეს პარტია, ეს უზარმაზარი რესურსი გახდეს აქტიური, გახდეს ფლაგმანი ქუჩის პროტესტის მთელი საქართველოს მასშტაბით. უშუალოდ შევაწუხოთ რუსული რეჟიმი ყველგან, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.
საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგორებული პროტესტი თავს მოიყრის რუსთაველზე, შევიკრიბებით აქ და კიდევ ერთხელ გადაწყდება საქართველოს ბედი.
ამჯერად უკვე, როცა დავამარცხებთ რუსულ რეჟიმს, ჩაეყრება საფუძველი თანამედროვე საქართველოს ევროინტეგრაციის ნამდვილ გზას, რომელსაც ასე უტიფრად გვართმევს და გვინგრევს რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
მისივე თქმით, „რუსეთის ბოროტების იმპერია დღესაც თავზე გვაზის“ და იმისთვის, რომ ის დაამარცხონ, აუცილებელია ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებები, მათ შორის, ამჟამინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას შეცვლა.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ვუთხრათ, დღეს ისევ თავზე გვაზის რუსეთის ბოროტების იმპერია, რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმი სულს გვიხუთავს და ჩვენს მომავალს ყოველდღიურად კლავს, ამიტომ მისი დამარცხება აუცილებელია საქართველოს თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ამის რეცეპტი არის ყველაზე დიდ პარტიაში, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდეს ცვლილებები, შეიცვალოს ნიკა მელია და არსებული ხელმძღვანელობა, რომელმაც ეს პარტია მიიყვანა თავიდან ბოლომდე უძრაობამდე და თავიდან ბოლომდე ჩამოშალა.“ – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ამავე პარტიის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს.
მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.