“მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელიც იმ ბრძოლაში შედის, სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარდაკარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენ, ნუგზარ ფუტკარაძის მეგობრები ამ ბრძოლაში მათე ფუტკარაძეს მივყვებით”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ბათუმში განაცხადა, სადაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძის შვილი, მათე ფუტკარაძე იქნება.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში მათე ფუტკარაძე გამარჯვებას მოიპოვებს.
“ამით გვინდა დავამტკიცოთ და აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ ვერც შანტაჟი და ვერც მოსყიდვა, ვერც ძალადობა, ვერც სიკვდილიც კი ვერ გაიმარჯვებს სამართლიანობაზე. როგორც არასდროს, ვარ დარწმუნებული, რომ 2 აპრილს ღირსება გაიმარჯვებს”, — განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარდგენაზე.
ცნობისთვის, ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წელს ბათუმის საკრებულოს არჩევნებში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში გამარჯვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. “ნაციონალური მოძრაობა” თავისი წევრის გარდაცვალებას ზეწოლით გამოწვეულ ნერვიულობას უკავშირებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
შეგახსენებთ, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები რუსთავში საქართველოს პარლამენტის, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ.