როგორია უკრაინელი სკოლის მოსწავლეების მიმართვიანობა, რა ვიცით მათი რაოდენობის შესახებ და როგორ ხდება ქართულ საჯარო სკოლებში მათი გადანაწილება, ამ საკითხზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ხუციშვილმა ისაუბრა.
როგორც ეკატერინე ხუციშვილმა განაცხადა, გასული კვირის მონაცემებით, ჯამში, სკოლებში 110 მიმართვა იყო შესული, უკრაინიდან ჩამოსული სასკოლო ასაკის ბავშვების მისაღებად კი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული მზაობაა.
ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ ნებისმიერ ენაზე, რომელზეც ზოგადად სკოლებში სწავლა მიმდინარეობს:
“საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული მზაობაა უკრაინიდან ჩამოსული სასკოლო ასაკის ბავშვების მისაღებად.
ამ მიზნით, გამარტივდა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებითი პროცედურა – უკრაინიდან ჩამოსული პირი, მის ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტით, რომლითაც დასტურდება, უკრაინაში არსებულ სკოლაში სწავლა, სკოლაში ასაკის შესაბამისად ჩაირიცხება.
ამ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო უშვებს გამონაკლისს – მოსწავლეთა რაოდენობის დაშვებულ ზღვარს ზემოთ გაზრდის თაობაზე.
უკრაინელ მოსწავლეებს ჩვენთან შესაძლებლობა აქვთ, ისწავლონ ნებისმიერ ენაზე, რომელზეც არსებობს ზოგადად სკოლებში სწავლა – მათ შორის, რუსულ, ქართულ, ინგლისურ ენებზე გააგრძელონ სწავლა.
სკოლები ენობრივი ბარიერის დასაძლევად შეიმუშავებენ მოდიფიცირებულ სასწავლო გეგმებს: აქ შესაძლებელია დამატებით კლასების გახსნა, პარალელების გახსნა, ან ქართველ თანატოლებთან ერთად ამ ბავშვების ჩარიცხვა ერთსა და იმავე კლასში.
რაც შეეხება რაოდენობას, წინა კვირის მონაცემებით, სკოლებში ჯამში, დაახლოებით, 110 მიმართვა იყო შესული, აქედან 58 ჩარიცხული იყო, 52-სთვის განიხილებოდა ჩარიცხვის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ისინიც დაკმაყოფილდება ძალიან სწრაფად და უმოკლეს დროში”, – განაცხადა მან.
როგორც ეკატერინე ხუციშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე უკრაინელი მოსწავლეების ჩარიცხვა ქართულ ან რუსულენოვან საჯარო სკოლებში მიმდინარეობს და წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად განიხილება სწავლების უკრაინულ ენაზე ადაპტირება ლტოლვილი მოსწავლეებისთვის ხუციშვილი ამბობს, რომ “ამ ეტაპზე ჩარიცხვა ხორციელდება ქართულ ან რუსულენოვან საჯარო სკოლებში. 98-ე საჯარო სკოლა, იცით, რუსულენოვანია და იქ ჩაირიცხნენ უკრაინელი ბავშვები და განათლების მინისტრმა ისინი მოინახულა. ასე რომ შესაძლებელია, განხილული იყოს, რა თქმა უნდა, უკრაინული სექტორიც, თუმცა ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ”, – აღნიშნა ეკატერინე ხუციშვილმა.