თედო ბექაური მთელმა საქართველომ ბავშვობიდან გაიცნო, როდესაც პატარა მსახიობმა ბიჭუნამ დიდი ემოციური შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი ოვაშვილის ფილმში „გაღმა ნაპირი“ შესრულებული როლით. პატარაობიდანვე კინომსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა ჯერჯერობით ისე ვერ მიდის საქმე, როგორც თავად ისურვებდა. მისი მთავარი ოცნება, კინომსახიობობის გარდა, თბილისში საკუთარი ბინაა. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოგებული ბინა ბაკურიანშია, თედო კი ცოლსა და ორ შილთან ერთად თბილისში ქირით ცხოვრობს. ახლახან მსახიობი თეატრიდან გამოუშვეს, სადაც მცირე როლებს ასრულებდა ხოლმე. ამ ყველაფრის შესახებ ის რადიო fortuna.ge-სთან გულწრფელ ინტერვიუში საუბრობს.

თედო ბექაური:
თეატრში ვიყავი ცოტა ხანს, მაგრამ გამომიშვეს.
რატომ?
რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე ვითამაშე სპექტაკლი, ერთ-ერთმა რეჟისორმა დისერტაცია დაიცვა და სპექტაკლი დადგა. ეს რომ გაიგეს, მცხეთის დრამატული თეატრიდან გამომიშვეს, ეგონათ, რომ იქაც ხელფასზე ვიყავი. თეატრის ხელმძღვანელმა დამირეკა, იქ რომ მთავარ როლს თამაშობ, ჩვენთანაც უნდა ითამაშოო. მომეცით და ვითამაშებ-მეთქი, ვუპასუხე. ხვეწნას ნამდვილად ვერ დავუწყებდი როლებზე. მცხეთაში წასვლა-წამოსვლაზე მთელი ხელფასი გზაში მეხარჯებოდა.
არ გაარკვიე უფრო დაწვრილებით, რა მოხდა?
დიდად აღარ ჩავძიებივარ, მცირე როლები ვითამაშე და იქ ყოფნა დიდად არაფერს მაძლევდა. მე უფრო მეტად კინოხელოვნება მიყვარს. ბავშვობიდან კინოში ვარ და სხვანაირად ვგრძნობ თავს კამერის წინ, ვიდრე სცენაზე. „გაღმა ნაპირით“ დავიწყე კინოს შეყვარება… სამწუხაროდ, კინოსთან დაკავშირებით ძალიან რთულად არის საკითხი. ბევრი პროექტი გაჩერდა, რეჟისორებიც ვეღარ აკეთებენ ვერაფერს. არანაირი შემოთავაზება არ არის.
როგორია შენთვის ასეთი ხანგრძლივი პაუზები?
ჩემთვის ძალიან, ძალიან რთულია. თითქმის ექვსი თვეა, გაჩერებული ვარ, დიდი სტრესია… სულ სახლში ვარ, საქმე რომ არ გაქვს, რთულია, მით უმეტეს, ხელოვანისთვის. როცა ასე გიყვარს შენი საქმე. მე სხვა ვერაფერს გავაკეთებ… გარიყულივით ვარ…
ოჯახი როგორ გიდგას მხარში ამ სტრესის დროს?
ძალიან მიდგას გვერდში მეუღლე.
პატარა რომ იყავი, როცა „გაღმა ნაპირში“ ითამაშე, გქონდა მოლოდინი, რომ შენი კინოკარიერა უნდა გაგრძელებულიყო?
კი, მქონდა ეს მოლოდინი. მთელი ათი წელი გაჩერდა ჩემი კარიერა. მერე იყო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომელიც მოვიგე. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხის სიყვარული მოვიპოვე. რაც უნდა ცნობილი იყოს ადამიანი, თუ ხალხის სიყვარული არ აქვს, რთულია. ყველას ძალიან ვუყვარვარ, არსად თავდახრილი არ დავდივარ, ვცდილობ ამ სიყვარულის შენარჩუნებას.

ქუჩაში სითბოსა და სიყვარულს როგორ გამოხატავენ?
ბედნიერებით. ვგრძნობ, როგორ გამოდის დიდი ბედნიერება ჩემზე მათგან. ეს სიყვარული მასშტაბურად ცეკვების დროს განვიცადე. ძალიან დიდი და მასშტაბური იყო ეს ყველაფერი.
რადგან თქვი, რომ არაფერს აკეთებ, შემოსავლის გარეშე ხარ დარჩენილი? როგორ გაგაქვთ თავი?
ბაკურიანში მოგებულ ბინას ვაქირავებთ და ეს არის ჩვენი შემოსავალი. თბილისში ქირით ვართ.
გქონია დეპრესიული მომენტები იმის გამო, რაც ხდება?
არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ დეპრესიაში ჩავვარდე. მიუღებელია ჩემთვის ეს თემა. მოწყენილობა ჩემთან ახლოს არ არის. შეიძლება, მძიმე ტიპი ვჩანვარ, მაგრამ ჩაკეტვა არ მომწონს. თუ ჩემს თავს შევატყვე, რომ ვერ ვარ კარგ ხასიათზე, წავიმღერებ ხოლმე, რადგან ჩემი ჰობია სიმღერა.
ხომ არ აპირებ ამ კუთხით აქტიურობას?
მინდა, ჩავწერო ჩემი რეპერტუარი. ჯერჯერობით არავინ იცის ჩემი სიმღერის შესაძლებლობები. შეიძლება, მიხილოთ მომღერლის ამპლუაში. ძალიან მიყვარს ხელოვნება, ზოგადად.
შენს ცხოვრებაში ყოფილა ბევრი რთული პერიოდი, მათ შორის უნდობლობის ახლობელი ადამიანების მხრიდან. ახლა როგორ უყურებ ამ ყველაფერს?
მე ვიცი, რომ ჩემი თავის და ღვთის წინაშე ვარ მართალი.

შენს ოჯახზე მოგვიყევი. მეორე შვილი შეგეძინათ ახლახან…
მე და ჩემი მეუღლე ვართ არა მხოლოდ ცოლი და ქმარი, არამედ საუკეთესო მეგობრები. ერთ სიხარულს ვიზიარებთ. ძალიან გამიმართლა… უმაგრესი ბავშვები მყავს, მადლობა ღმერთს. 4 წლის და 4 თვის ბიჭები მყავს. პირველ მშობიარობას ვერ დავესწარი, მეორეს დავესწარი, მეორე შვილის დაბადებას რომ დავესწარი, სულ სხვანაირად შევხედე სიცოცხლეს. ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. მინდა, ვიყო არა მხოლოდ კარგი მამა, არამედ კარგი მეგობარი. ჯერ კიდევ წინაა დიდი პერიოდი.

პროფესიის მიღმა, რაზე ოცნებობ ყველაზე ხშირად?
ჩემი ოცნებაა საკუთარი სახლის ქონა. არ მინდა, ვიყო ქირით. ეს ოცნება არა, ალბათ, უფრო სურვილია. ვცდილობ, ცხოვრებაში რაღაც გამომივიდეს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის უკანა პლანზე ვრჩები. რას ვიზამთ, ცხოვრება ხან იქით წაგვიყვანს, ხან აქეთ, მაგრამ რაც მთავარია, არასდროს არაფრის მეშინია!..
ინტერვიუ: ნინო მურღულია