LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორი ემოციები დაეუფლა ნუცა ჯანელიძეს, როდესაც მოულოდნელად ბინა გადასცეს: „სულ მაინტერესებდა, რას გრძნობდნენ ადამიანები, რომლებიც ასეთ საჩუქარს იღებდნენ… 25 წელია, ქირით ვცხოვრობ…“

16638
ნუცა ჯანელიძე

ნუცა ჯანელიძეს ახლახან მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულდა – მას საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს. ბინა მისი მეგობრის, სოსო ტყემალაძის ოჯახისგან მიიღო საჩუქრად. fortuna.ge ცნობილ მუსიკოსსა და კონცერტმაისტერს ესაუბრა, რომელიც ამ სიახლით გაოგნებული ჩანდა. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სცენაზე ბოლომდე ვერც გააცნობიერა, რა მოხდა, როდესაც დათო ოქიტაშვილმა ნაჩუქარი ბინის შესახებ ინფორმაცია გააჟღერა, ნუცა ჯანელიძე ძალიან დაბნეული იყო…

რა ემოცია გქონდათ, როდესაც სცენაზე, თქვენი ვარსკვლავის გახსნისას შეიტყვეთ, რომ ბინა მიიღეთ საჩუქრად, ბინა, რომელსაც წლებია, ნატრობთ…

პრობლემები ნამდვილად მქონდა, მაგრამ ახლა პრობლემებზე ლაპარაკის დრო არ არის. მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ არც გამიგია, რა მოხდა. დარბაზში ნაცნობ ადამიანებს ვესალმებოდი. დათო ოქიტაშვილმა რომ თქვა რაღაც, გასაღებიც გადმომცა. საერთოდ არ მახსოვს არაფერი… ბავშვი რომ იყო მის გვერდით, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ბავშვს ვკითხე, ეს მართალია-მეთქი? კი, მართალიაო. აბა, დედა დაიფიცე-მეთქი (იღიმის). სცენაზე ვკითხე ეს… ყველამ მითხრა, დაშოკილი სახე გქონდაო. ნამდვილად ასე ვიყავი, ჩემს ოთხ შვილიშვილს გეფიცებით… „ფორტე“… იცოდნენ და არ მითხრეს, რა უნდა ველაპარაკო მათ? წარმოგიდგენიათ? კულისებში რომ გავედი შოკირებული, ვიცოდით, ვიცოდითო, კინაღამ მივახრჩვე ყველა (იღიმის).

ვიდეო: ნუცა ჯანელიძეს საკუთარი ვარსკვლავის გახსნაზე ბინა აჩუქეს

როგორც დათო ოქიტაშვილმა დაწერა, ეს საჩუქარი სოსო ტყემალაძისგან მიიღეთ…

დიახ… ჩვენი ოჯახის ახლობელია… კონცერტის წინ მას დავურეკე, მისი მეუღლე იყო დარბაზში, მაგრამ თავად მან მოსვლა ვერ მოახერხა. გული მწყდებოდა, რომ ვერ მოვიდა და ვთხოვე ნებართვა, სცენიდან მადლობის თქმა მინდოდა, მაგრამ სულ სხვა საკითხზე. ალბათ, იცით, რა მნიშვნელოვანია მუსიკოსისთვის კონცერტზე კარგი გახმოვანება. სწორედ ამაში ვთხოვე კონცერტამდე დახმარება და დამეხმარა. ამიტომ მინდოდა მისთვის მადლობის თქმა. მთხოვა, არაფერი მეთქვა…

როდის გადმოგეცემათ ბინა?

ახლა მოვდივარ აზრზე. ჯერ არავისთვის არაფერი მიკითხავს. არც ვიცი, ვის უნდა ვკითხო. გავიგებ, რა ხდება. არ ვიცი, ბინა სად არის და როგორია, უბრალოდ, ფაქტი არის, რაღა დაგიმალოთ და ძალიან სასიამოვნო.

„ახალგაზრდა თაობების მუსიკალურ განათლებას რამდენიმე ათეული წელი მიუძღვნა“ – ფილარმონიის წინ ნუცა ჯანელიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ხშირად გითქვამთ, რომ მრავალი წელია, საკუთარი ბინა არ გაქვთ...

25 წელიწადია, არ მაქვს საკუთარი ბინა. ვცხოვრობ ქირით ამდენი წელია, მხოლოდ მე არა, მთელი ოჯახი. ასე დავეხეტებით უბნიდან უბანში, სახლიდან – სახლში, აქედან იქით. მაგრამ ღმერთის წყალობით, სამსახური მაქვს. როცა ხელფასს ავიღებ, ეგრევე ვახურდავებ და ვიხდი ქირაში. კიდევ კარგი, რომ ხელფასი მაქვს.

როგორი შეგრძნებაა, როცა ბოლოს და ბოლოს საკუთარი ბინა გექნებათ?

ვაიმე, ძალიან წარმოუდგენელია და ძალიან მაგარია!!! ყველას, ვისაც ასეთი რამ განუცდია, ვუყურებდი და ჩემთვის ვფიქრობდი, დედა, რა ბედნიერი ეს ადამიანი, ნეტავ, ახლა რას გრძნობს, მეც გამაგებინა-მეთქი. კიდევ ერთხელ მინდა, სოსო და მის ოჯახს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და შესანიშნავი ოჯახის კარგად ყოფნა. რაც ფილარმონიის დარბაზში დალოცეს, არც ერთი არ მოაკლოს ღმერთმა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g