ტურისტული დაზღვევის კომპანია InsureandGo-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს იმ ქალაქების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ხშირად აღიქმება როგორც ტურისტული „ხაფანგები“. კვლევა ინტერნეტმომხმარებლების და მოგზაურების შეფასებებს დაეყრდნო და მოიცავს 15 ქალაქს სხვადასხვა კონტინენტიდან, რომლებიც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს, თუმცა ხშირად მოლოდინებს ვერ ამართლებს.
ექსპერტების განმარტებით, აღნიშნული ქალაქები მოგზაურებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია ისტორიის, არქიტექტურისა და გართობის შესაძლებლობების გამო, თუმცა ვიზიტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ რეალობაში ისინი ზედმეტად კომერციალიზებულია, გადატვირთულია ტურისტებით და ნაკლებად ასახავს ადგილობრივ ცხოვრებასა და ავთენტურ კულტურას.

რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა ჩიკაგო (აშშ). მოგზაურების აზრით, ქალაქში არსებული მრავალი ღირსშესანიშნაობა ტურისტებზეა მორგებული და მაღალი ფასებით გამოირჩევა, რაც ნამდვილ ქალაქურ გამოცდილებას უკანა პლანზე წევს.

მეორე ადგილზე გავიდა იტალიური ვენეცია, რომელიც ტურისტების სიმრავლის გამო სულ უფრო მეტად კარგავს ადგილობრივ ავთენტურ ატმოსფეროს. ვიზიტორები ხშირად აღნიშნავენ, რომ ქალაქი უფრო დეკორაციას ჰგავს, ვიდრე ცოცხალ ურბანულ სივრცეს.

მესამე პოზიციაზე კი ლას-ვეგასი (აშშ) განთავსდა – ადგილი, სადაც, შეფასებების მიხედვით, ბრჭყვიალა გართობა ჭარბობს, ხოლო კულტურული სიღრმე ნაკლებად იგრძნობა.
რეიტინგში ასევე მოხვდნენ:
- ნეშვილი (აშშ),
- სიდნეი (ავსტრალია),
- ლონდონი (დიდი ბრიტანეთი),
- სინგაპური,
- ბრიუსელი (ბელგია),
- მაიამი, ნიუ-იორკი და ოსტინი (აშშ),
- ვანკუვერი (კანადა).
InsureandGo აღნიშნავს, რომ ეს შეფასება არ ნიშნავს, თითქოს აღნიშნული ქალაქები მოგზაურობისთვის არასასურველია. პირიქით, ისინი კვლავ რჩება პოპულარულ მიმართულებებად, თუმცა ტურისტებს ურჩევენ, წინასწარ დაგეგმონ ვიზიტი, გაეცნონ ნაკლებად ცნობილ უბნებს და ყურადღება გაამახვილონ ადგილობრივ კულტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტად კომერციული გამოცდილება.
