LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექთანთა კორპუსი ასრულებს გადამწყვეტ როლს სამედიცინო პრაქტიკაში… პაციენტის მოვლა, რომელსაც გადამდები ინფექციური დაავადება აქვს, მხოლოდ თავგანწირულ ადამიანს შეუძლია – ზაზა ავალიანი გადაცემაში „პულსი“

36
ზაზა-ავალიანი

12 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი დირექტორი ზაზა ავალიანი სტუმრობდა, რომელმაც ექთნის საერთაშორისო დღეს სწორედ ჯანდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს სფეროზე – საექთნო სამსახურსა და მის საქმიანობაზე ისაუბრა.

– ბატონო ზაზა, 12 მაისი ექთნის საერთაშორისო დღედაა მიჩნეული. რამდენად მნიშვნელოვანია საექთნო სამსახური ჯანდაცვის სისტემისთვის და რა მისიას ასრულებენ ექთნები თქვენს კლინიკაში?

–  პირველ რიგში, ექთნებს მივულოცავ პროფესიონალურ დღეს, რადგან მართლაც უზარმაზარი მისია აკისრიათ. მეტიც, სწორედ ექთანთა კორპუსი ასრულებს გადამწყვეტ როლს სამედიცინო პრაქტიკაში. აღსანიშნავია, რომ ექთნის პროფესია ოფიციალურად მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა და სწრაფადვე შეიძინა წამყვანი ფუნქცია. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე სამუშაო მათ აქვთ, რადგან არა მხოლოდ  პაციენტის მოვლა, არამედ მასთან კომუნიკაცია და მორალური მხარდაჭერაც ევალებათ, მით უფრო, რომ სამედიცინო სერვისის მიღებისას, პაციენტი სწორედ კლინიკას, მის გარემოს და ექთანთან ურთიერთობის დონეს აფასებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ექთნებს ჩვენს კლინიკაშიც, რადგან სპეციფიურ პაციენტებთან უწევთ ურთიერთობა, რაც ორმაგად ამძიმებს მათ სამუშაოს. ვფიქრობ, პაციენტის მოვლა, რომელსაც გადამდები ინფექციური დაავადება აქვს, მხოლოდ თავგანწირულ ადამიანს შეუძლია. სხვათა შორის, მედპერსონალს შორის, სწორედ ექთნები იღუპებიან ყველაზე ხშირად პაციენტისგან შეძენილი ტუბერკულოზით. უზარმაზარი შრომა გასწიეს ჩვენმა ექთნებმა პანდემიის დროსაც, როცა კლინიკაში კოვიდის სპეციალური განყოფილება გაიხსნა, 500-ზე მეტ პაციენტს ვუმკურნალეთ და მხოლოდ ერთი დაგვეღუპა. ამასთანავე, ექთანი არა მხოლოდ მომვლელი, არამედ ერთგვარი დამკვირვებელიცაა, რადგან სწორედ ის აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას და აწვდის ინფორმაციას ექიმს, რომელიც ხშირად მისი მინიშნებების საფუძველზე ამუშავებს მკურნალობის სტრატეგიას.

– რამდენად შეუძლია მომავალ ექთანს სრულფასოვანი განათლების მიღება საქართველოში და როგორია განათლების ხარისხი სხვა ქვეყნებში?

– სამწუხაროდ, საქართველოში რთულია სრულფასოვანი განათლების მიღება. ევროკავშირს თავისი სტანდარტები აქვს, რომელთაც თითქოს ვიზიარებთ, თუმცა მხოლოდ დეკლარაციის დონეზე, რადგან სასწავლებლების სიმრავლის მიუხედავად, ხარისხიანი განათლების მიღება მაინც შეუძლებელია. ჩვენს ქვეყანაში ექთნის პროფესია ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგან არ აქვს სათანადო დაფასება, არადა ისეთ სპეციფიურ დარგებში როგორიც ტუბერკულოზი, ონკოლოგია და პალიატიური მზრუნველობაა, სწორედ ექთნებზე მოდის მთელი დატვირთვა. არ არსებობს არც ექთნის შეფასების კრიტერიუმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, აუცილებელია შეიქმნას ექთნის მომზადების, გადამზადების და შეფასების სისტემა, რადგან სხვაგვარად ძალიან გაგვიჭირდება ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილება.

– თქვენს კლინიკაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება ექთნის დღე. საინტერესოა წელს როგორ  მიულოცეთ ექთნებს პროფესიული დღესასწაული?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტარული ყურადღების გამოჩენა. ჩვენს კლინიკაში 60-მდე ასაკოვანი ექთანი მუშაობს, რაც განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რადგან ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან ამ პროფესიით. ჩვენ მეტად მოკრძალებულად – სიგელებით აღვნიშნეთ ექთნის დღე, თუმცა უდიდესი მადლიერება გამოვხატეთ მათ მიმართ. რა თქმა უნდა, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ დავაფასოთ მათი შრომა, მაგრამ ის ანაზღაურება, რაც დღეს აქვთ მაინც არასაკმარისია. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მეტად სოლიდური დელეგაცია გვსტუმრობდა, რომელმაც ჩვენი საქმიანობა შეაფასა. ალბათ იცით, რომ მასშტაბური საერთაშორისო კვლევის ჩატარება იგეგმება, რომელშიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო მონაწილეობს, ჩვენი კლინიკიდან კი, სამასი მედიკოსია ჩართული ექთნების ჩათვლით. მეტად საყურადღებოა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში ერთ-ერთი უმაღლესი კვალიფიკაციის მედდა იყო, რომელიც სწორედ ჩვენს კლინიკაში წარმოებული პროცედურების შესაფასებლად გვეწვია და მიხარია, რომ ძალიან დადებითად შეფასება მივიღეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები