„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს რიონის ხეობაში რამდენიმე გზა აქვთ გადაკეტილი.ამის შესახებ აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა და მხარდამჭერებს პროტესტის სამოქმედო გეგმა გააცნო.
გოლეთიანის განცხადებით, დღეს აქცია საყვირებისა და რკინის ჯებირებზე ხელების ბრახუნით გაგრძელდება, ორშაბათს კი, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათიდან ქუთაისში, „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლებენ.
“ამ მოცემულობით, ექვს ადგილას დგანან ჩვენი თანამებრძოლები და არ აძლევენ საშუალებას კომპანიას, შემოვიდნენ ხეობაში, შემოიყვანონ საწვავის ავზები, რაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია აქ ჩვენი სიმრავლე, რომ ადამიანური რესურსი გვეყოს სხვადასხვა ადგილების გადასამაგრებლად”. – თქვა გოლეთიანმა.
რაც შეეხება საქართველოში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს წევრების ჩამოსვლას, გოელთიანი ვარაუდობს, რომ საბჭოს წევრები აქციის მონაწილეებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მომავალ შაბათს შეხვდებიან.