თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ეკა უბერი 6 თვემდე ბავშვებში რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზე საუბრობს.
,,შევთანხმდეთ, რომ თუნდაც მინიმალური სიმპტომი, მაგალითად, სურდო, ჩვილობის ასაკში, ექვს თვემდე განსაკუთრებით საყურადღებოა. როდესაც ცხვირის გაჭედილობაა და ცხვირით სუნთქვა უჭირს ახალშობილს, შესაბამისად მოდის მთელი რიგი პრობლემები და პირველ რიგში, კვების პრობლემები. ბავშვს უჭირს ყლაპვა და საკვების მიღება.
შესაძლებელია, რამდენიმე საათში თითქოს უმნიშვნელო სიმპტომი დრამატულად განვითარდეს და მთელი რიგი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, როგორც მშობელი, ასევე ექიმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექვს თვემდე ასაკის ბავშვთან პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე დედამ ოჯახის ექიმთან დაამყაროს კავშირი. მინიმალური სიმპტომიც კი საყურადღებოა ასაკიდან გამომდინარე. სხვა რესპირაციული ვირუსებიც არსად არ წასულა. განსაკუთრებით საყურადღებოა გრიპის ვირუსი და რესპირაციულ-სინციტიალური ვირუსი, რომელიც ახალშობილებსა და ორ წლამდე ასაკის ბავშვებში საკმაოდ მძიმე გართულების, ბრონქიოლიტის განვითარების მიზეზად შეიძლება იქცეს. ეს არის სუნთქვის გაძნელების ერთ-ერთი უხშირესი ფაქტორი” – ამ თემაზე ეკა უბერმა გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“ ისაუბრა.