ერაყში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, განახლებული მონაცემებით, 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ცნობით, ხანძარი ზიქარის პროვინციაში, ქალაქ ნასირიაში მდებარე კოვიდსაავადმყოფოში ღამით გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 50 ადამიანი.
ზიქარის პროვინციის ჯანდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სახანძრო ჯგუფებმა ხანძრის ჩაქრობა შეძლეს, სამაშველო სამუშაოები კი გრძელდება.
ხანძრის ზუსტი მიზეზი უცნობია, ერთ-ერთი ვერსიით კი, შემთხვევა ჟანგბადის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.
მომხდარის შემდეგ, საავადმყოფოსთან გარდაცვლილებისა და დაშავებულების ახლობლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. მოქალაქეებმა სამართალდამცველების ორი ავტომობილიც დაწვეს.
ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია და საავადმყოფოების ინფრასტრუქტურა სტანდარტებს ვერ პასუხობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საავადმყოფოს ხელმძღვანელის დაკავების ბრძანება გასცა.
შეგახსენებთ, ერაყში საავადმყოფოში ხანძარი მიმდინარე წლის აპრილშიც გაჩნდა. მაშინ შემთხვევის შედეგად 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.