„ნი -კოლ… ნი- კოოოლ“ – ერევნის ყველა ქუჩაში მხოლოდ ერთი სახელი ისმის. ქალაქში დილით ადრე ჩავედით, თუმცა შიგნით შესაღწევად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. სომხეთის დედაქალაქი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ხალხით გაივსო და გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა. ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა ახალგაზრდები – სკოლის მოსწავლეები და ბავშვები არიან. როგორც ადგილობრივებს სჯერათ, 10-წლიანმა ბრძოლამ შედეგიც სწორედ მათი – ახალი თაობის დამსახურებით გამოიღო. „ახლებმა“ ბოლომდე იბრძოლეს, მაშინ, როცა „ძველებმა“ ხელი დიდი ხნის წინ ჩაიქნიეს და ბედთან შეგუება გარკვეულ კომფორტადაც კი ექცათ.
ალბათ, სწორედ ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ნანატრი გამარჯვების მთავარი გმირი – ოპოზიციის ლიდერი და აწ უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეროვნულ სიმბოლოდ იქცა.
ფაშინიანზე იმის თქმა, რომ ის ეროვნული გმირია- ფაქტობრივად არაფრის თქმის ტოლფასია.
ნიკომ (როგორც მას თაყვანისმცემლები ეძახიან) მთელი ქალაქი მოიცვა – თანაც პირდაპირი მნიშვნელობით. მაისურები მისი გამოსახულებით (რომელიც ყველას, დიდსა თუ პატარას აცვია), ქუდები – ანუ კეპები (რომლებიც „მოდაში“ სწორედ მისი დამსახურებით შემოვიდა), ბრელოკები, გულსაბნევები – მოკლედ ნიკო ყველგანაა.
პოლიტიკოსის გამოსახულებასთან ერთად მისი სტილიც ძალიან მოდური და მისაბაძი გახდა. როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში ერთ-ერთმა ადგილობრივმა ანი ჰამბარძუმიანმა აღნიშნა, ზურგჩანთების არნახული პოპულარობაც სწორედ ახალი პრემიერის დამსახურებაა:
„ზურგჩანთიან ადამიანებს, განსაკუთებით კი გოგონებს, ერევნის ქუჩებში აქამდე ნაკლებად ნახავდით. ხოლო მას შემდეგ, რაც ზურგჩანთა ფაშინიანის სტილის განუყოფელ ნაწილად იქცა – მათ უკვე ყველა ატარებს.“
მოდასთან ერთად ნიკო მუსიკალურ სამყაროშიც შეიჭრა და ხალხმა მას უამრავი სიმღერა მიუძღნა. რამდენიმე კომპოზიცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ ერევნის ქუჩებში სხვა ჰანგებს ვეღარც მოისმენთ:
სომხური რევოლუციის მთავარი სლოგანი „სულისკვეთებაა“და სომეხი ხალხი ცვლილებებსაც მართლაც დიდი სულისკვეთებით ელოდება. უმრავლესობას სჯერა, რომ ნიკო ნათელი მომავალია და ხვალიდან ყველაფერი შეიცვლება.
„ფაშინიანი ხალხთან ყველაზე მეტად დაახლოებული პოლიტიკოსია. მან შეძლო და ხელისუფლებას ბოლომდე ებრძოლა. უფრო მეტსაც გეტყვით, ნიკოს შორეულ პროვინციებში მესიად მიიჩნევენ. უამრავ მოხუცს სჯერა, რომ ფაშინიანი ღმერთის მეორედ მოსვლაა“, – გვითხრა ევა ტოვმასიანმა.
და მართლაც, განსხვავებული დამოკიდებულების მქონე, უკმაყოფილო ადამიანების მოძებნა ერევანში საკმაოდ რთული იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ერი ზეიმობდა. ქუჩაში შამპანურისა და შოკოლადის წვიმა მოდიოდა. სომხებმა არარატის მთებიდან თოვლიც კი ჩამოიტანეს და საყოველთაო გუნდაობა მოაწყვეს. თუმცა, მეორე დღეს ემოციები ნაწილობრივ ჩაცხრა და ისეთი ადამიანებიც ვნახეთ, ვისთვისაც ფაშინიანი ძალიან ჭკვიანი პოლიტიკოსი და კარგი მსახიობია. ამის თქმის საშუალებას მათ ოპოზიციონერის უჩვეულო სახეცვლილება აძლევს.
ფაშინიანი ხომ რიგით დემონსტრანტად იქცა, მან ხალხს თავი იმით შეაყვარა, რომ მათგან არაფრით გამოირჩეოდა. მისი გარეგნობაც კი ისე შეიცვალა, რომ მასაში მეთაურის პოვნა ერთი შეხედვით არც თუ ისე მარტივი საქმე იყო. მოშვებული წვერი, დაუვარცხნელი თმა, უბრალო მაისური, მოხერხებული შარვალი, სპორტული ფეხსაცმელი და კეპი.
თუმცაღა, სომხეთის პროვინციულ ქალაქ იჯევანში დაბადებული ყოფილი ჟურნალისტი ყოველთვის ასეთი ნამდვილად არ ყოფილა. ნიკოლს პიჯაკებიც ძალიან უყვარდა და წვერის გაპარსვაც არ ავიწყდებოდა ხოლმე. თუმცა, როგორც ჩანს, ამჯერად გადაწყვიტა სტილი რადიკალურად შეეცვალა, რიგითი სომეხი გამხდარიყო და ამ მიდგომამ გაამართლა კიდეც. თამაში იყო ეს თუ ფაშინიანის გულწრფელი სურვილი – დაახლოებოდა ხალხს – ტაქტიკა ნამდვილად ყველაზე დროული და სწორი აღმოჩნდა. როგორც ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ – ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ ის ბევრად ახლოსაა ხალხთან ვიდრე ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი ან პოლიტიკური პარტია, უფრო კარგია ვიდრე ცუდი.
თუმცა, ასეა თუ ისე ფაშინიანი სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრია, მოსახლეობის უმრავლესობას მისი სჯერა და საუკეთესო ცვლილებებს ელოდება. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, ადგილობრივ ექსპერტებს ზუსტი დასკვნების გაკეთება უჭირთ. პრემიერი სულ ორი დღის არჩეულია, ამიტომ იმაზე საუბარი თუ როგორი იქნება მისი გადაწყვეტილებები – რთულია.
„ევროპა თუ რუსეთი? რუსეთი ჩვენი მეგობარი და უსაფრთხოების გარანტიაა – ამიტომ მასთან მეგობრობა სავარაუდოდ მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერი შეეცდება კარგი ურთიერთობა ევროკავშირთანაც შეინარჩუნოს და ამ საკითხში გარკვეული ოქროს შუალედი დაიცვას. საქართველოსთან მეზობლობა და მეგობრობა კი ალბათ უფრო გაღრმავდება“, – ფიქრობს ვლადიმერ კარაპეტიანი, ლიბერალთა პარტიის წევრი.
თამუნა ქირია
ერევანი-თბილისი