რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ დათო გომართელი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „წვიმის წვეთები“ წარუდგინა.
დათო, როგორი იყო ეს წელი თქვენთვის, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ახალი სიმღერა შეიქმნა?
წელს ჩავწერე 3-4 სიმღერა, რომელიც ჩემს ძველ რეპერტუარში იყო და განახლება მინდოდა, რადგან ზოგიერთ მათგანზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის ხოლმე კონცერტების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წლის წინანდელი სიმღერებია, მუსიკალურად, შესრულებით, არანჟირებითაც უკვე მოძველებული იყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ განმეახლებინა.
სულ ახლახან ჩავწერე ჩვენთვის საყვარელი ადამიანის, ჩემი მეგობრის, მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა, „გაზაფხული, აპრილი“. ყველა მთხოვდა, იმღერეო და ახლა, უფრო ჩქარი, თანამედროვე ვერსია ჩავწერე.

აღსანიშნავია, რომ არაჩვეულებრივად გამოგდით ძველი სიმღერების რემიქსი, როგორ აკეთებთ გათვლას?
ყველას ჰგონია, რომ ძველ სიმღერას თუ იმღერებს, რომელიც პოპულარულია, მისი თანამედროვე ვერსია აუცილებლად გახდება პოპულარული და ამით სახელს მოიხვეჭს. ვითომ, მარტივი გზა არის პოპულარობისკენ, მაგრამ პირიქით, შეიძლება, გააფუჭო სიმღერა და სახელი და იმიჯიც გაიფუჭო, რადგან თქვან, ძველი სიმღერა ჯობია, რა მოიგონაო. არ არის ადვილი ძველი სიმღერების გაკეთება.
სიმღერას რომ ვუსმენ, მარცვალს ვიჭერ, არ ვიცი ეს საიდან და როგორ მოდის, ვგრძნობ, რომ შემიძლია, ახლებური ვერსია გავაკეთო. ნატო გელაშვილის „თეთრი კლავიშების“ ჩემებური ვერსია ხომ მოგისმენიათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ სიმღერის ასე შესრულება შეიძლება, თანამედროვე, საინტერესო, მრავალფეროვანია.

ღონისძიებებზე ყველაზე მეტად თქვენი რომელი სიმღერა არის მოთხოვნადი?
„გატეხილი გული“, ეს სიმღერა თუ არ შევასრულე, ჩათვალე, ხალხი კონცერტზე კმაყოფილი არ იყო. ასევე „მამა აფრიკა“.
ალბათ, წელსაც გაგრძელდება ტრადიცია და 2 იანვარს, თქვენი და „შვიდკაცას“ კონცერტი შედგება.
კი, რა თქმა უნდა, კონცერტი წელსაც იქნება, ტრადიციას არ ვარღვევთ. 15 წელიწადზე მეტია ერთად ვატარებთ ბედობის ღონისძიებას.
რადგან „შვიდკაცაზე“ ჩამოვარდა საუბარი, აღსანიშნავია, რომ ახლა, გია გორდეზიანის სიმღერას ვწერთ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „წვიმის წვეთები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ამ სიმღერას ახალგაზრდობაში ვმღეროდი სუფრასთან, მეგობრებთან და ამ რამდენიმე ხნის წინ, ინტერნეტში შემხვდა ტექსტი და გამახსენდა ეს სიმღერა. გადავწყვიტე, რომ ეს სიმღერა გამეკეთებინა. უცნობი სიმღერაა, ყველამ არ იცის. მუსიკის და ლექსის ავტორი გია პატარაია გახლავთ. ცოტა არგენტინისკენ წავედი… ჩავწერეთ ლაივ ვერსია. გიტარა ხვიჩა მაღლაკელიძეს ეკუთვნის, ვიოლინოზე გუჯა მარდალეიშვილი უკრავს, აკორდეონზე – ვანო ხაჩიძე, პერკუსიაზე კი – დიტო საკანდელიძე. ბიჭებმა ძალიან მაგრად დაუკრეს, ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა, რომელიც მე ამ ბოლო დროს ჩავწერე. არანჟირება ცირა ბზიშვილის გახლავთ, მის სტუდიაში ჩაიწერა სიმღერა.
დათო გომართელი – წვიმის წვეთები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათო გომართელი. “პრემიერა თაკოსთან”