რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ პაატა თედიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერები „ვარ დარდიანი“ და „დაუკარით“ წარუდგინა.

პაატა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?
მოვიტანე ახალი სიმღერა, კარგად დავიწყებული ძველი, რომლის საინტერესო ვერსიის პრემიერაც თქვენს ეთერში შედგება. მიხარია, რომ შევასრულე ეს სიმღერა, რადგან ჩემი ბავშვობის დროინდელია. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ჰიმნიც არის, რომელიც მოგვიწოდებს, რომ ხანმოკლეა ცხოვრება, რომელიც ამბობს, რომ ეს ცხოვრება უნდა გავატაროთ სიყვარულით, მეგობრობით, რომ გამოვიყენოთ ყოველი წუთი, წამი.

ვისაუბროთ სიმღერაზე „ვარ დარდიანი“.
ეს არის 2007 წელს დაწერილი სიმღერა, რომელიც დიდი ხანია დევს თაროზე, რაღაცნაირად არ მიეცა მზის სინათლე. სევდის, დარდის, სასიყვარულო ურთიერთობის დასრულების დროს იწერება ხოლმე მსგავსი სიმღერები, რაღაც თავისებური, ღრმა მელანქოლიური განწყობა აქვს. განწყობის სიმღერაა, ყველგან ვერ იმღერებ. ტექსტი და მელოდია ჩემია, არანჟირება კომპოზიტორმა, ჩემმა პედაგოგმა, ოთარ ტატიშვილმა გააკეთა. მას დიდად არ უყვარს ეს ჟანრი და ძალიან ვეხვეწე, რომ გაეკეთებინა. თითქოს, ბაიათიც არის, რომანსიც, ფოლკლორიც, ყველაფრის ნაზავია. სიმღერა ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილის სტუდიაში ჩავწერე. მახსოვს, ერთი ამოსუნთქვით ჩავწერე. რომ გამოვედი, ტიროდა, რა სევდა გაქვს ამ ახალგაზრდა კაცს ამდენიო. სევდიანი სიმღერაა ნამდვილად.

მოგვიყევი სიმღერაზე „დაუკარით“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერის ავტორი კომპოზიტორი ბატონი თემურ ცაგურიაა. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ როდესაც მინდოდა, ბატონი თემურისთვის მიმეწერა და მეთხოვა უფლება, აღმოჩნდა, რომ 2017 წელს მისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით ბატონ თემურთან. შევეხმიანე განმეორებით, შევუთანხმდი, ვუთხარი, რომ ძალიან მინდოდა, ეს სიმღერა მემღერა. საოცარი ადამიანია, გარდა იმისა, რომ ქმნის საოცარ მელოდიებს, სიმღერებს, რომლებმაც თაობები გაზარდა. უშურველად, ყოველგვარი მატერიალური მოთხოვნის გარეშე, მომცა უფლება, რომ მემღერა. ძალიან დიდი მადლობა არანჟირების ავტორს „P art studio“-ს, საოცარი ვერსია მომაწოდა ამ სიმღერის, გაოცებულიც კი დავრჩი, რადგან რაღაცნაირად ერთგვაროვანია ხოლმე ამ სიმღერის არანჟირებები, ვერსია, ხასიათი და ის, თუ როგორ ასრულებენ.
პაატა თედიაშვილი – დაუკარით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
პაატა თედიაშვილი – ვარ დარდიანი. Live
პაატა თედიაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”