ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა“.
ამის შესახებ მან ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე საუბრისას განაცხადა. მიშელის განცხადებით, ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
ამასთან, დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს.
„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც ეს ინსტრუმენტი იძლევა.
ეს შეხვედრა – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან,“- თქვა ევროსაბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული.
„ასევე, ხაზს ვუსვამ რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების პარტნიორებს შორის. და კიდევ ერთი შემოთავაზება – მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ როგორი მხარდაჭერა შეიძლება იყოს მობილიზებული ევროკავშირთან ამ კავშირების გასამყარებლად,“ – დასძინა მიშელმა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას. მისი თქმით, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის, საერთო ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის.
„ერთი თაობა ვთქვი დამოუკიდებლობის გზაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ერთ თაობაში მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. აი, ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ,“- განაცხადა შარლ მიშელმა.
