LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” – ჯონ ლენონის და იოკო ონოს სიყვარულის ისტორია

6163
page

„მთელი ცხოვრება ვოცნებობდი ჭკვიან და ლამაზ ქალზე შავი თმითა და ფართო ყვრიმალებით, ქალზე შემოქმედის სულით, რომელსაც თითქოს ოდესღაც ვიცნობდი, მერე დავკარგე და ვერსად ვიპოვე. როცა იოკო გავიცანი, მივხვდი, რომ გადავრჩი, ჩემი ოცნება ასრულდა, რადგან ვიპოვე ქალი, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი“, – აღნიშნა ჯონ ლენონმა, ვისთვისაც ჭეშმარიტი სიყვარული უფრო ფასეული აღმოჩნდა, ვიდრე  პოპულარობა და მილიონობით ადამიანის თაყვანისცემა.

სიყვარული, რომელმაც დროს გაუძლო – გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

დღემდე მიაქვს შნაიდერის საფლავზე ალისფერი ვარდების ზუსტად ისეთი თაიგული, როგორიც პირველი შეხვედრისას – რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

მართალია, მელომანები ხშირად ადანაშაულებდნენ „აღმოსავლელ ალქაჯად“ წოდებულ ონოს Beatles-ის დაშლასა და ნეგატიურ გავლენაში ლენონზე, რომელმაც ჩვეულ მუსიკალურ სტილს უღალატა, მაგრამ შეყვარებულები ნაკლებად აქცევდა ყურადღებას მსგავს შეფასებას. მეტიც, როკ-მუსიკის ყველაზე ექსტრავაგანტურმა წყვილმა მთელ სამყაროს აიძულა დაეჯერებინა, რომ ფრაზა ,,ერთადერთი რაც გჭირდება სიყვარულია” All you need is love საკულტო სიმღერიდან – რეალობაა და არა მხოლოდ ლამაზი სიტყვები.

   ვაშლი და ლურსმნების ტომარა 

ჯონმა და იოკომ 1966 წელს გაიცნეს ერთმანეთი, როცა ლენონს მთელი მსოფლიო ეთაყვანებოდა, ონოს კი, მხოლოდ კოლეგები იცნობდნენ მშობლიურ იაპონიაში, თუმცა ექსპერიმენტების მოყვარულმა ექსტრავაგანტურმა მხატვარმა იშვიათი იუმორის გრძნობით სწრაფად მოხიბლა მუსიკოსი, რომელიც შთაგონების ძიებაში მისი ავანგარდული გამოფენის გახსნის წინა ჩვენებას ეწვია ლონდონის გალერეა Indica-ში.

გალერეის მფლობელისგან ჯონ დანბარისგან, ლენონს გაგებული ჰქონდა, რომ გამოფენის ავტორი ტყავის სამოსში გამოწყობილი გეგმავდა პუბლიკის წინაშე გამოსვლას და ჩათვალა, რომ მეტად სექსუალური სანახაობის მომსწრე გახდებოდა, თუმცა ვულგარული ლამაზმანის ნაცვლად მინიატურული აზიელი ქალი შერჩა, რომელიც მეთოდურად ალაგებდა ექსპონატებს. გამოფენის ცალი თვალით შეთვალიერების შემდეგ, ჯონმა ჩათვალა, რომ არაფერი ესაქმებოდა, რადგან ერთ სადგარზე ვაშლით, მეორეზე – ლურსმნების ტომრებით მოწყობილი ექსპოზიცია მისთვის აბსოლუტურად უცხო და გაუგებარი აღმოჩნდა.

ჯონი წასვლას აპირებდა, როცა მისი ყურადღება კიბემ და მასზე ჩამოკიდულმა  გამადიდებელმა შუშამ მიიპყრო, ლენონი კიბეზე ავიდა და მხოლოდ ერთი სიტყვა YES ამოიკითხა ჭერზე, რომელმაც გამოფენაზე დარჩენა და იდუმალებით მოცული ქალისგან ბარათის მიღება აიძულა წარწერით „ისუნთქე“. სწორედ ასე დასრულდა ჯონისა და იოკოს პირველი შეხვედრა, თუმცა არავინ იცოდა, რომ დასასრული, სინამდვილეში მხოლოდ დასაწყისი იყო ნამდვილი სიყვარულისა.

განქორწინება

ურთიერთობა სწრაფად განვითარდა, მით უფრო, რომ იოკო ჯერ ბარათებს უგზავნიდა ჯონს უჩვეულო მინიშნებებით, მერე საკუთარი შოუს დაფინანსება სთხოვა. რა თქმა უნდა, ლენონმა პერფორმანსი დააფინანსა და სანამ მეუღლე – სინტია პაუელი გერმანიაში აგვარებდა საერთო საქმეს, ონო სახლში მიიწვია და სწორედ მასთან ერთად ჩაწერა ექსპერიმენტული ჟღერადობის ალბომი.

მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი: ოჯახურ იდილიაზე ძვირფასი თავისუფლება

აღსანიშნავია, რომ სინტია და იოკო რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, რადგან თუ პაუელი მხოლოდ ძლიერი მამაკაცის საიმედო საყრდენის და მორჩილი ცოლის როლს ასრულებდა, ონო კი, პირიქით, არც საკუთარი თავის, არც კარიერის გაწირვას ფიქრობდა საყვარელი მამაკაცისთვის. იოკო ადრეული ბავშვობიდან ფემინისტური იდეებით იზრდებოდა, ყოველთვის ძლიერი, დამოუკიდებელ ქალად თვლიდა საკუთარ თავს და ნამდვილად არ აპირებდა პოზიციების დათმობას.

ჯონმა სულ სხვათა შორის განუცხადა სინტიას, რომ შეყვარებული იყო და განქორწინება უნდოდა, რითაც პეუღლი აღაშფოთა, თუმცა თვითონ არც უხერხულობა უგრძნია, არც დანაშაულის გრძნობა. სინტიამ მხოლოდ წლების შემდეგ შეძლო მეუღლის პატიება, როცა 1978 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში აღნიშნა, „შეუძლებელი იყო ბრძოლა, რადგან ისინი ფიზიკურთან ერთად ემოციურადაც იზიდავდნენ ერთმანეთს. ვერ ვიტყვი, რომ იოკომ ჯონი წამართვა, რადგან სინამდვილეში, მე ის არასდროს მეკუთვნოდა“.

  Bed-In For Peace

ლენონმა და ინომ 1969 წლის 20 მარტს დააკანონეს საკუთარი ურთიერთობა. წყვილი დარწმუნებული იყო, რომ პრესა პიკანტური დეტალებით დაინტერესდებოდა და ჟურნალისტებს თაფლობის თვის მათ კომპანიაში გატარება შესთავაზეს.

რეპორტიორები ერთიანად მიაწყდნენ Hilton-ის საპრეზიდენტო ნომერს ამსტერდამში. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ახლად დაქორწინებულებს საწოლში მიაგნეს ყვავილებსა და პლაკატებში ჩაფლულს, რომლითაც ვიეტნამში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. ანტისაომარი აქცია „მსოფლიოში მშვიდობის სახელით“ მთელი კვირა გაგრძელდა. მართალია, მოგვიანებით წყვილმა რამდენიმე ერთობლივი ალბომი ჩაწერა, მხატვრული ფილმი და სპექტაკლი დადგა, მაგრამ ყველაზე რეზონანსული სწორედ პირველი შემოქმედებითი პროექტი Bed-In For Peace აღმოჩნდა.

   Beatles-ის დაშლა

უთანხმოება Beatles-ის წევრებს შორის ჯონის გულგრილობამ და ჯგუფის საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვამ გამოიწვია. კონფლიქტი 1969 წელს, Beatles-ის მენეჯერის ბრაიან ეპშტეინის გარდაცვალების შემდეგ გამწვავდა, რომლის წყალობით ნიჭიერი, თუმცა რადიკალურად განსხვავებული მუსიკოსები ერთობის შენარჩუნებას და ეფექტურად მუშაობას ახერხებდნენ.

რა თქმა უნდა, ჯონის გაუცხოების მიზეზი პირველ რიგში იოკო გახდა. „საერთოდ არ ესმოდა მუსიკა, თუმცა გაუთავებლად ჭკუას გვასწავლიდა. პოლს სიმღერას უწუნებდა, მე დაკვრას“, – აღნიშნა რინგო სტარმა, როცა ონოს სტუდიაში ხშირი სტუმრობა გაიხსენა. ჯგუფმა 1970 წელს განაცხადა ოფიციალურად დაშლის შესახებ, რასაც Beatles-ის ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. მელომანებმა იოკო ონო დაადანაშაულეს კონფლიქტში და სამუდამოდ მოიძულეს.

ალბათ, უხერხული დეტალებით სპეკულაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა პოლ მაკარტნის განცხადება, „იოკო ვერასდროს შეძლებდა ჩვენს დაშორებას, სინამდვილეში, უთანხმოება ბევრად ადრე გაჩნდა, უბრალოდ არცერთმა არ მოვინდომეთ ერთმანეთის და ჯგუფის შენარჩუნება“, – აღნიშნა მუსიკოსმა 1998 წელს გაზეთ Times-თან ინტერვიუში და ხაზი გაუსვა ონოს მნიშვნელოვნებას ლენონის შემოქმედებაში, რადგან სწორედ მისი წყალობით შეიქმნა ყველა დროის ჰიტი Imagine.

  „დაკარგული უქმეები“

გულწრფელი და უანგარო სიყვარულის მიუხედავად, ვერც ჯონმა და იოკომ დააღწიეს თავი პრობლემებს. 1973 წელს წყვილმა ერთმანეთისგან დასვენება გადაწყვიტა, იოკომ კი, რომელმაც საკუთარი ქცევა მეუღლეზე მზრუნველობით ახსნა, მეტად უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ჯონს საკუთარ მდივანთან მეი პანგთან შესთავაზა რომანის გაბმა. „ჯონი ზედმეტად ემოციური და აგრესიული გახდა, ამიტომ ერთმანეთისგან დასვენება შევთავაზე. მეი საოცრად ჭკვიანი და მიმზიდველი ქალი იყო, დარწმუნებული ვიყავი, მათი რომანი შედგებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ჯონის ახალმა ურთიერთობამ ტკივილი მომაყენა, რადგან თვითონაც დასვენება, მეტი სივრცე მჭირდებოდა“, – აღნიშნა ონომ მოგვიანებით.

პაუზა, რომელსაც ლენონმა „დაკარგული უქმეები“ უწოდა, 18 თვე გაგრძელდა და როგორც ჩანს გაამართლა, რადგან განშორების შემდეგ წყვილი უფრო დაახლოვდა, 1975 წლის 9 ოქტომბერს, 35-ე დაბადების დღეზე კი, ჯონმა საუკეთესო საჩუქარი მიიღო, როცა ახალშობილი შონის მამა გახდა.

ლენონმა საკუთარ თავზე აიღო ყოველდღიურ ყოფით პრობლემებსა და შვილზე ზრუნვა, რათა მეუღლეს მეტი დრო ჰქონოდა კარიერის გასავითარებლად, თუმცა ოჯახური იდილია მხოლოდ რამდენიმე წელი გაგრძელდა, რადგან 1980 წლის 8 დეკემბერს შეშლილმა თაყვანისმცემელმა მარკ ჩეპმენმა, რომელიც რამდენიმე დღე ელოდა ლენონთან შეხვედრას, ჯერ ავტოგრაფი სთხოვა საკუთარ კერპს, მერე რევოლვერიდან ხუთი გასროლით გამოასალმა სიცოცხლეს. მართალია, მუსიკოსი სულ რამდენიმე წუთში გადაიყვანეს ჰოსპიტალში, თუმცა მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოკო ონო ბრიტანელ ანტიკვარიატს სემ ჰავადუეს გაჰყვა ცოლად, რომელსაც 2001 წელს დაშორდა. დღეს 89 წლის ონო მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით და ჯონ ლენონის მემკვიდრეობის პოპულარიზაციითაა გატაცებული.

რომი შნაიდერის და ალენ დელონის სიყვარულის ისტორია

ხავიერ ბარდემისა და პენელოპა კრუსის სიყვარულის ამბავი

 მარია კალასის და არისტოტელე ონასისის სიყვარულის ისტორია

გასული საუკუნის ყველაზე ვარსკვლავური წყვილები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g