შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსის“ მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლოა, თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის კორექტირება მოხდეს. საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები იცვლება და ის გარდაბნის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. საუბარია 1 მლნ კვ/მეტრის, ანუ 100 ჰექტარის მიწის ფართობზე.
შპს „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსის“ კომერციული დირექტორი მაია შამშიაშვილი ამბობს, რომ მიწა, რომელიც კომპანიამ კანონმდებლობის სრული დაცვით შეიძინა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საზღვრებშია მოქცეული და ეს გარემოება „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცსს“ საქმიანობას ურთულებს.
„გვინდა ეს ხარვეზი გამოსწორდეს, რაც კომპანიას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. მაგალითად, მიწის გადასახადის ადმინისტრირების კუთხით“,- განუცხადა მაია შანშიაშვილმა „ბიზნესფორმულას“.
საქართველოს მთავრობამ შპს “პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენცს” თბილისის სამხრეთით 331 ჰექტარი მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით, 9 მილიონ ლარად 2014 წელს გადასცა. თავის მხრივ, კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არანაკლებ 18 ორმოს მქონე გოლფის მოედნებს მოაწყობდა.