ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გაგების შემდეგ აბიტურიენტებს შეეძლებათ შეცვალონ არჩეული ფაკულტეტები. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ ისაუბრა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ აბიტურიენტებმა დამახსოვრების ღილაკს დააჭირონ, რათა აისახოს ცვლილებები.
მაია გაბუნიამ აბიტურიენტების მიერ გაკეთებულ არჩევანზეც ისაუბრა და თქვა, რომ პრიორიტეტულ ფაკულტეტებს შორისაა სამართალმცოდნეობა, არქიტექტურა, ბიზნესის ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა, ქართული ფილოლოგია და ისტორია.
„ჩარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პროგრამა აქვს არჩეული აპლიკანტს და გადალახავს მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს. ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამების არჩევა, რომელიც უკვე 3 წელია აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს ქულების გაგების შემდეგ შეცვალონ ფაკულტეტები. ვფიქრობ, ძალიან კარგი საშუალებაა აბიტურიენტებისთვის, რადგან მას შემდეგ, რაც უკვე ცნობილი იქნება მათთვის ყველა საგნის შედეგები, შესაბამისად ცვალონ. გეტყვით იმასაც, რომ სააპელაციო განაცხადების შედეგების გამოქვეყნებიდან კიდევ 1 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, რომ ცვალონ პროგრამების ჩამონათვალი. პროგრამაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების შემდგომ აუცილებელია დააჭირონ დამახსოვრების ღილაკს.
აბიტურიენტების არჩევანი ყოველდღიურად იცვლება, მაგრამ ისევე, როგორც წინა წლებში წელს საკმაოდ პრიორიტეტულია სამართალმცოდნეობა, შემოქმედებითი უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებები. ტექნიკური მიმართულებით არქიტექტურაზე ყოველთვის მაღალია მოთხოვნა. ასევე ბიზნესის ადმინისტრირება, ჟურნალისტიკა და ასევე ფაკულტეტები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდება: ქართული ფილოლოგია, ისტორია. გაზრდილია მოთხოვნა კვებითი პროდუქტების ტექნოლოგიაზე, ასევე სამშენებლოზეც“, – განაცხადა მაია გაბუნიამ.