დღეს სახალხო არტისტის, ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდარული მსახიობის, გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა – გივი ბერიკაშვილი 93 წლის გახდებოდა.
მსახიობს და მასთან დაკავშირებულ ემოციურ ისტორიებს დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები კიდევ ერთხელ იხსენებენ.
გივი ბერიკაშვილს ვრცელ პოსტს უძღვნის რეჟისორი სანდრო ელოშვილიც.
„ერთხელ ზურიკო ბერიკაშვილმა მომიყვა თავის ბავშვობის ისტორია…
ახალი წლის დღეებია, არდადეგები აქვს, სახლშია, ტკბილეულით და გემრიელობებითაა სავსე სუფრა, ეზოში თუ ჩახვალ მეგობრებთან, თოვლში სათამაშოდ, მეტი შორს რა გინდა?!
ბედობა გათენდა და გივი ძიას უთხოვია, ზურიკო, სადღაც უნდა გამყვეო… თბილად ჩააცვეს, შეფუთეს და წავიდნენ…
გზაში ეუბნება თურმე, შვილო, დეზერტირების ბაზრიდან დამირეკეს, მოვაჭრეები გაფიცულან, მეკვლედ თუ არ მივალ, ბაზარს არ გახსნიან, გარეთ კიდევ ხალხი დგას და ელოდებიანო…
მივედითო ზურიკომ, გარეთ ბევრი ხალხი დგას და დიდი ჩოჩქოლიაო… დაინახავთ გივი, ატყდა ერთი ამბავი, გახსნეს ბაზრის კარი, შევედით შიგნით და დაიწყეს ზედ დახლებზე სუფრების გაშლაო…
მეხორცეები ცალკე ერთ ამბავში არიან, მწვადის შეწვას აპირებენ, ქვემოდან მჟავეულობის ხალხი ფაცი-ფუცობს, იქიდან ყველი მოდის, აქედან დედას პურები… ღვინო, ჩურჩხელა, გოზინაყი… მოაქვთ ხილი, რაც კი ხარობს ზამთარში… გადააფარეს დახლებზე ხორცის გასახვევი სქელი ქაღალდი… საიდანღაც ბაზრის დირექტორი გამოჩნდა ბედნიერი, გაფიცული რომ არ ჰყავს სამსახური… კანტი-კუნტად მოსულ კლიენტებს სულ დაავიწყდათ რაზე არიან, მიატოვეს ყველაფერი… ისე გამვლელები და ახლო-მახლოს მცხოვრებლები უცნაურ ხმაურზე შემოვიდნენ…
მოკლედ სადღაც 200-300 კაციანი სუფრაა, ფეხზე დგომით!
ზურიკო ამბობდა, სახლში მინდოდა, მციოდა, ფეხები მისველდებოდა, დავიღალე და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდაო…
გვიანობამდე გაგრძელდა ეს ყველაფერი, რომ წამოვედით ცოტა სიბრაზეც მქონდა, მაგრამ ვუყურებდი გივის და ბედნიერი იყოო…
მას მერე ბევრს ვფიქრობ ამ ამბავზე, მაგრამ აღარც გივი ძიაა და აღარც ზურიკო, რომ ვკითხო, რითი იყო ბედნიერი-მეთქი, ხოდა მგონია, რომ…
ბედნიერი იყო უბრალო ხალხის სიყვარულით!
ადრე არ მომწონდა ხოლმე ეს სიტყვა „უბრალო“, თითქოს რაღაც დაბალ ფენას ნიშნავს, მაგრამ მერე მივხვდი, რა სწორად მოფიქრებულია… უბრალო – ადამიანი, ვისაც ბრალი არ აქვს! არაფერი გაუფუჭებია, არაფერი დაუშავებია და ცხოვრებას პატიოსნად მიუყვება…
ხოდა ამათ სიყვარულზე მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა?! თვითონაც ხომ ასეთ ადამიანებზე იყო შეყვარებული… პანაშვიდებზე სავსე იყო ეზო იქვე მყოფი პატარა მაღაზიების თანამშრომლებით, ეზოს „სკამეიკებზე“ ჰქონდათ პატარა სუფრები გაშლილი და თავისთვის გლოვობდნენ მეგობრის გარდაცვალებას…
სახალხო არტისტობა, ჩემი აზრით ყველაზე დიდი ჯილდოა მსახიობისთვის, ეს არც დიდი ტექსტების დამახსოვრებას მოაქვს და არც კოსტუმზე ჩამოკიდებულ მედლებს…
მთელი შენი ცხოვრება ხალხისთვის რომ ხარ, სცენიდან მათ ტკივილზე რომ საუბრობ და მათთან შეხვედრის არ გრცხვენია… აი, მაშინ ხარ სახალხო არტისტი!
9 წელი რომ გავა გარდაცვალებიდან და ხალხს ახსოვხარ… მაშინ ხარ ჭეშმარიტი სახალხო არტისტი!
ხოდა დღეს საქართველოს სახალხო არტისტის, გივი ბერიკაშვილის, ბერიკას დაბადების დღეა! 93“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გივი ბერიკაშვილი 2017 წელს გარდაიცვალა.
