LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არ არის უბრალოდ ფილმის ფესტივალზე წარდგენა, ეს ჩემი ოცნებების, უძილო ღამეების, ბრძოლის, იმედგაცრუებებისა და სიყვარულის ნაყოფია – შეუძლებელი არაფერია“: ქართველი რეჟისორის გიორგი მარკოზაშვილის მხატვრული ფილმი – „სორო“ The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალის ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი

627
გიორგი მარკოზაშვილი

ქართველი კინორეჟისორის – გიორგი მარკოზაშვილის მხატვრული ფილმი – „სორო“ (The Burrow) The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალის ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი.

„სორო“ (The Burrow) წარდგენილია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი და საუკეთესო მსახიობი მამაკაცი.

აღნიშნულ კატეგორიებში ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდანაა წარდგენილი: (აშშ, გერმანია, მექსიკა, კანადა, საფრანგეთი).

„სორო“ მარკოზაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმში (შვედეთი) გაიმართება.

ფილმის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ქალია, რომელიც სასამართლოში, მოწმის სტატუსით უნდა წარდგეს. მოწმეთა დაცვის სამახურს კი მისი დროებით გადამალვა უხდება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.

ფილმში მთავარ როლებს ოთარ მიქელაძე, დათა გოგიაშვილი, ლიკა გიორგობიანი, დავით ტყებუჩავა და ნიკო კანკია ასრულებენ.

The North Film Festival Sweden 2025 წლის 24-25 აპრილს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარკოზაშვილს „სორომდე“ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული და გეგმავს, რომ მომავალში მის მაყურებელს კიდევ არაერთი საინტერესო ჟანრის მხატვრული ფილმი შესთავაზოს.

ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს ახალგაზრდა რეჟისორისთვის ეს წარმატება და რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის „სოროს“, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი, სადებიუტო ფილმის საერთაშორისო საზოგადოებისთვის წარდგენა.

როგორც გიორგი მარკოზაშვილმა გვითხრა, მისი ფილმის მთავარი სათქმელიც სწორედაც რომ მიზნებსა და რწმენას უკავშირდება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია:

გიორგი მარკოზაშვილი: „როცა მეკითხებიან, რას ნიშნავს ჩემთვის ეს წარმატება, სიტყვებით გადმოცემა ან აღწერა მიჭირს. ეს არ არის უბრალოდ ფილმის ფესტივალზე წარდგენა, ეს არის ჩემი ოცნებების, უძილო ღამეების, ბრძოლის, იმედგაცრუებებისა და სიყვარულის ნაყოფი.

ამ წარმატებაში ასახულია მთელი გუნდის შრომა და რწმენა: რომ შეუძლებელი არაფერია. ჩემთვის ეს ფილმი არის ხმა – ხმა, რომელიც ახლა სხვებმაც გაიგონეს და ეს უსაზღვროდ მახარებს. თითქმის უბიუჯეტოდ შეუძლებელი შევძელით“. – უთხრა „ფორტუნას“ კინორეჟისორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g