LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ“ – „ქალთა მოძრაობა“ კვოტირების გაუქმების ინიციატივაზე

141
ბაია პატარაია

პარტია „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს და რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ წევრებმა საკანონმდებლო ორგანოსთან გააპროტესტეს.

„დაგეგმილი ცვლილებებით უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს“ – სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

მოძრაობის წევრებმა პარლამენტთან წაიკითხეს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ“.

„1 აპრილს პარტიებმა „ქართულმა ოცნებამ“ და „გირჩმა“ დაჩქარებული წესით დააინიცირეს პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტი და ამით ბრძოლა გამოუცხადეს პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კვოტები თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აქტიური ჩართულობით, რასაც პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდა მოჰყვა 14%-დან 20%-მდე. ამ პროგრესის მიუხედავად, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობით საქართველო კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნებს და გლობალურად 125-ე ადგილზეა. ქალთა მოძრაობა მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტების გაუქმების წინაპირობები არ არსებობსდა. მსგავსი ინიციატივები არის ბრძოლა, არამხოლოდ პოლიტიკოსი ქალების, არამედ ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქალის წინააღმდეგ, ამიტომაც:

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ვერთიანდებით ჩვენი უფლებებისა და თანასწორობის დასაცავად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ეს არის ქალების განდევნა საჯარო პოლიტიკიდან და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან;

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მტკიცედ დავდგებით ქალთა პოლიტიკური უფლებების დასაცავად, რადგან ქალთა ყველა უფლება დგას ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის უფლებაზე;

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, მოვითხოვთ მეტ ქალს პოლიტიკაში, ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ითხოვს მეტ ქალს პოლიტიკაში, რადგან ემიგრანტების, მარტოხელა მშობლების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ბავშვების და სხვა დაუცველი ჯგუფების პრობლემების გადაჭრას სჭირდება სწორედ ქალების ხმა და ქალების ხედვა პოლიტიკაში;

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ პარლამენტიდან ქალების გამოძევებას საარჩევნო სიებში მეტი მილიონერი კაცის ჩასმის მოტივით, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი ბიზნესინტერესების დაცვაა და არა ხალხის ინტერესების დაცვა;

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, არ დავუშვებთ ჩვენი კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ არსებითი თანასწორობის ხელყოფას, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფას და ევროინტეგრაციის გზაზე უკან დახევას;

ჩვენ, ამომრჩეველი ქალები, ამ უსამართლობას არ შევეგუებით და ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოვითხოვთ, წარმოგვიდგინონ ქალების გაძლიერების გეგმა – არჩევნების დღეს ჩვენ საკუთარი უფლებების დასაცავად მოვალთ საარჩევნო ყუთებთან! ჩვენ ამომრჩეველთა უმრავლესობას – 53% შევადგენთ და 2024 წლის არჩევნებზე ვაჩვენებთ პოლიტიკურ ჯგუგფებს, რომ ჩვენი ხმა გადამწყვეტია!“, – წერია „ქალთა მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები