LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“- ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილი

134
მერაბ კობიაშვილი

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მაინც მხრებით უნდა ვატარო მთელი ცხოვრება“, – ამის შესახებ გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი უდანაშაულოდ ცნობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მან ნაფიც მსაჯულებს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სწორი გადაწყვეტილებისთვის და სიმართლისთვის. მეტს ვერაფერს ვიტყვი, ემოციებში ვარ, ნამდვილად არ ვარ ლაპარაკის ხასიათზე“, – აღნიშნა მერაბ კობიაშვილმა.

ცნობისთვის, გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

გორის რაიონულ სასამართლოში მსჯელობა გუშინ, 16 დეკემბერს დაიწყო. პირველ ჯერზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლეს, განმეორებით კენჭისყრაზე კი მათ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის დროს ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს და ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, მოგვიანებით კი, ადვოკატის თქმით, ცემის მუხლიც.

გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 თებერვალს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1992 წელს დაბადებულ თ.გ.-ს და 1994 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. თ.გ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“
magti 5g