მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 81 წლის პელემ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართავს.
პელე მოუწოდებს პუტინს უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
მიმართვაში, რომელიც მის ინსტაგრამის გვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ დღეს უკრაინა ცდილობს, თუნდაც 90 წუთით დაივიწყოს ტრაგედია, რომელმაც ქვეყანა მოიცვა.
პელე აცხადებს, რომ ძალადობას, რომელიც გრძელდება, არანაირი გამართლება არ აქვს, ეს კონფლიქტი საშინელება და გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშის და სიძულვილის გარდა.
პელე პუტინს მიმართავს, რომ ამ ყველაფრის შეწყვეტა მის ხელშია, რომელიც 2017 წელს, მოსკოვში შეხვედრისას ჩამოართვა.
პუტინისადმი მიმართვა პელემ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 1 ივნისს, უკრაინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 3:1 დაამარცხა შოტლანდიის ნაკრები.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა პელეს და არგენტინელ დიეგო მარადონას კრემლში 2017 წლის დეკემბერში უმასპინძლა, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრის წინ.
ამ ჩემპიონატის ფინალური ეტაპი რუსეთში ჩატარდა.