LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი, მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა“ – მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა

124
მამუკა ხაზარაძე

„ლელო- ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ციხესთან მას ოჯახის წევრები და პარტიის წარმომადგენლები დახვდნენ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო – იმ ადამიანებს, ნაცნობებს, განსაკუთრებით უცნობებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გვეხმიანებოდნენ, გვამხნევებდნენ. მადლობა მინდა გადავუხადო მედიას ჩვენი მხარდაჭერისთვის. და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მოულოდნელი. იცით, ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პარლამენტი, ეს არის მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი.

მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა. გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური საქციელი, როცა ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე ე.წ. „დანაშაულით“ იხდიან სასჯელს,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ელენე ხოშტარია: „მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას“

მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ყაველაშვილი აცხადებს, „მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“.

ალეკო ელისაშვილი: „ვითომ შეწყალება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ამბავი იყო, მოიფიქრეს, რომ ვითომ გაგვაბანძონ – არჩევნებში უნდა გადავანგრიოთ და გადავლეწოთ „ქართული ოცნება“, ახლა უფრო ომახიანად“

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 23 ივნისს პარტიის ოფისში დააკავეს. მათი დაკავება მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მოხდა, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ორივე ლიდერი დამნაშავედ ცნო.

მათ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი და ამავე დროს, აკრძალული თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g