LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა, საოცარი ემოცია იყო, ტაშით შემხვდნენ, შემართებით არიან… სერბეთში მესაზღვრის ნათქვამი სიტყვა ჩემთვის დიდი მუხტის მომცემი იყო…” – შადიმან ხარშილაძის მიერ გავლილი 4 000 კილომეტრი, უჩვეულო სამადლობელი ჟესტი და შეხვედრა ფეხბურთელებთან

224
შადიმან ხარშილაძე

თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის დაწყებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება – 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, დორტმუნდში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს გამართავს და თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ახლა სწორედ დორტმუნდისკენ არის მიმართული თითოეული ქართველი გულშემატკივრის ყურადღება – გერმანიაში მყოფების, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს „სიგნალ იდუნა პარკიდან“ გაამხნევებენ და მათიც, ვინც ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან, ტელეეკრანებთან უგულშემატკივრებს.

თავად სტადიონზე არ იქნებიან, თუმცა მათი გზავნილებითა და ხელმოწერებით გაფორმებული დროშა, ქართველი ქომაგის, შადიმან ხარშილაძის წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად, საქართველოდან უკვე გერმანიაშია.

„დორტმუნდში გავიცანი შადიმან ხარშილაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე, მოპედით, 4000 კილომეტრზე მეტი გაიარა“ – შოთა არველაძე საოცარ ფაქტს გვიყვება

ფაქტი, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა, დაუჯერებელია, მაგრამ არა წარმოუდგენელი – ეროვნული ნაკრებისთვის, Wolt-ის კურიერმა, დელივერის ისტორიაში შეკვეთა ყველაზე შორ მანძილზე შეასრულა – 12 დღეში 6 ქვეყნის საზღვარი გადაკვეთა და სკუტერით, ჯამში, 4 000 კილომეტრი დაფარა. შედეგად კი დროშა გერმანიაში მყოფ ქართველ ფეხბურთელებს გადასცა.

როგორ გადაწყვიტა დელივერის ისტორიაში ყველაზე შორ მანძილზე შეკვეთის შესრულება, რა წინააღმდეგობები შეხვდა გზად და რა ემოციებით დახვდა მას ეროვნული ნაკრები – შადიმან ხარშილაძე საკუთარ თავგადასავალზე „ფორტუნას“ მკითხველს უყვება.

როგორც შადიმანი ამბობს, მისი ამ უჩვეულო გულშემატკივრობის მთავარი მიზანი, ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე მონაწილე ქართველი ფეხბურთელებისთვის მადლობის გადახდა იყო.

🇬🇪⚽ „შევძელი! შევძელი! მე ეს თქვენი მხარდაჭერით, გამხნევებით, მოკითხვით, ლაიქით, ყურადღებით შევძელი!“ – შადიმან ხარშილაძემ საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, თბილისიდან გერმანიამდე 4000 კილომეტრი მოპედით 12 დღეში გაიარა და სიმბოლურად ეროვნული დროშა ჩაიტანა 🎥 შადიმან ხარშილაძე #fortunage

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on შაბათი, 15 ივნისი, 2024

„ეს იყო ქომაგობის, გულშემატკივრობის ერთგვარი გამოხატულება, რაც წარმატებით განვახორციელე თბილისიდან დიუსელდორფამდე. 4 000 კილომეტრი გავიარე და 6 ქვეყანა გავიარე, ამისთვის კი 12 დღე დამჭირდა.

ამ დღეს [ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა] სულ ველოდი მას შემდეგ, რაც ფეხბურთი შემიყვარდა.

ეს იყო ჩემი ბოლო შანსი და შესაძლებლობა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის პირველ სადებიუტო დიდ ფორუმს დავსწრებოდი და მათთვის მეგულშემატკივრა, ამიტომ გადაწყვეტილება მაშინვე მივიღე და ამ საინტერესო გამოწვევას დავთანხმდი – ბედნიერი ვარ, რომ არ მიყოყმანია“, – ამბობს შადიმან ხარშილაძე.

სანამ ისტორიულ შეკვეთას ადრესატს გადასცემდა, რთული გზის გავლა მოუწია, თუმცა სულ გრძნობდა მხარდაჭერას, რაც მის ძალისხმევას აორმაგებდა.

„ძალიან საინტერესო გზა იყო, ცოტა სირთულეებით სავსე, მაგრამ ფეხბურთის სიყვარულმა ეს სირთულეები გადამალახვინა.

რთული იყო 6 ქვეყნის კლიმატის დაფარვა. თურქეთში გადასვლის დროს შავი ზღვის ზოლით მოძრაობა მომიწია, ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, სხეულზე კვალიც მეტყობა.

ხშირად წვიმდა უნგრეთში… მოპედისთვის ძალიან რთული ქარი იყო ავსტრიის იმ მონაკვეთშიც, რომელიც გავიარე. სკუტერის გაბარიტებიდან გამომდინარე, ჭირდა გზებზე მოძრაობა, ხშირად მიწევდა გაჩერება, რათა სირთულეებისთვის თავი დამეღწია.

სერბეთის საზღვრის კვეთის დროს, როდესაც მესაზღვრემ ჩემი დოკუმენტაცია შეამოწმა, ავუხსენი, რისთვის გავდიოდი ამ გზას. დოკუმენტაციის უკან დაბრუნების შემდეგ მითხრა: „ვიცი თქვენი ნაკრები და ვფიქრობ, რომ აუცილებლად გახვალთ მერვედფინალშიო“, ეს ჩემთვის დიდი მუხტის მომცემი იყო“, – ამბობს შადიმანი და ფეხბურთელებთან შეხვედრის ემოციებს იხსენებს:

„საოცარი ემოცია იყო – როგორც კი მინდორზე შევდგი ფეხი და ტრიბუნიდან გადავედი, რათა მათთვის თბილისიდან წაღებული გზავნილი მიმეწოდებინა, ტაშით შემხვდნენ – ეს ორი წამი, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი ემოცია იყო, რაც კი ცხოვრებაში მიგრძნია.

გასაოცარი გრძნობა იყო, როდესაც მთელი გუნდი ჩემს გზას ასეთი ჟესტით შეხვდა და ჩემი პერფორმანსისადმი მადლობა გამოხატა.

იმდენად კარგი განწყობა და დიდი მუხტი ვიგრძენი ბიჭებისგან, ისეთი შემართებით არიან, მათთან შეხვედრის შემდეგ ორმაგად დამუხტული ვარ – ხვალინდელ თამაშზე, იმავე ემოციით, 90 წუთი ფეხზე ვიდგე და არ გავჩუმდე, რათა ჩვენს ნაკრებს გამარჯვებასა და წარმატების მიღწევაში მაქსიმალურად დავეხმარო. ისეთივე მოლოდინი და განწყობა მაქვს ხვალინდელ თამაშზე, რაც 26 მარტს მქონდა.

50, 100 წელი რომ გავა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია, რომ ქართველმა, სკუტერით, საქართველოს ნაკრებისთვის შეასრულა ყველაზე შორ მანძილზე შეკვეთა. მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია, მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, გამამხნევა და მადლობა მითხრა.

ეს იყო ჩემი ერთადერთი გზა – მოვხვედრილიყავი საქართველოს ნაკრების პირველ დიდ ფორუმზე, ყველა თამაშზე, ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა“, – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ შადიმან ხარშილაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები