LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და იქ უნდა ჩალპნენ – სოსო რობაქიძე

სოსო რობაქიზე

გადაწყვეტილება იყო ობიექტური. მადლობელი ვარ პროკურატურის, მოსამართლის. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში, – განცხადება ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი შვილის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს.

„14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ. დიდი მადლობელი ვარ პროკურორების, მოსამართლის, რომელმაც ობიექტური განაჩენი გამოიტანა,“ – განაცხადა რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები – ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად, გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g