თბილისის ყოფილი მერი, ახალი ავტობუსების ჩამოყვანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ.
„მიხარია რომ თბილისში მერიას ახალი ავტობუსები შემოყავს. ამასთანავე, არ მომწონს “მელკი ჟულიკობა” რასაც მერია მიმართავს. ჯერ მერი ნარმანია და შემდეგ კალაძე თავს MAN-ის ავტობუსებით იწონებდნენ. შეუკვეთეს ლურჯი ფერი, პოლიტიკური გემოვნების აღსანიშნავად. აბა ახალ ავტობუსს ვინ დაიწუნებდა, მითუმეტეს მანის ტიპისას. თუმცა მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო და თბილისის ბიუჯეტი ვერ გაქაჩავდა. ახლა დაბალბიუჯეტიანი ISUDZU-ს მარკის ავტობუსებია შეკვეთილი. ძალიან კარგი! მაგრამ ისიც ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია (ცხადია ახალი), რომელსაც ISUDZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის. ცუდი კი არააა, კარგია! უბრალოდ თქვი, რატომ მალავ? მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ ლანძღავდი “ყვითელ ავტობუსებს”, რომელიც უბრალოდ დაძველდა, უკვე ათზე მეტი წლისაა. ასე რომ მოვეშვათ ვირეშმაკობას, საქმე სწორად ვაკეთოთ და დამერწმუნეთ დაუნახავიც არავინ იქნება.“ – აცხადებს გიგი უგულავა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა ფერის ავტობუსებზე იყო საუბარი.
„ეს არის 220 ერთეული, რვა მეტრიანი „ისუზუს“ მარკის ავტობუსი. დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულად ცნობის ოქმი უკვე ატვირთულია. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ერთეული ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს,“ – განაცხადა ხმალაძემ.
https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/2091393780954297