“ეს იქნება ჩვეულებრივი რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება, ხალხი ვერც კი გაიგებს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსი ჩვენი ცხოვრების წესსა და ეკონომიკაზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგანაც ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი კარგად არის მომზადებული.
“შეზღუდვების მოხსნის შემდეგ დღეში ერთი და ორი შემთხვევა-ამაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. ხოლო დღეში ათამდე ან ოცამდე შემთხვევა რომ იყოს, ესეც დიდი წარმატება იქნება და ჩაითვლება, რომ საქართველო პირველ ეტაპს კარგად გაუმკლავდა”,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემების თანახმად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.