ტელე-კინო სკოლა, „პრაიმ TV“ გახდა მსხვილი თურქული კინოსტუდიისა და მსახიობთა სააგენტოს, „მობ აჯანსის“ ერთადერთი ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორნი საქართველოში.
„მობ აჯანსი“ ინტენსიურად აწარმოებს სერიალებსა და მხატვრულ ფილმებს და რაც მთავარია, სხვა კინოსტუდიებთანაც თანამშრომლობს. აპრილში გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში პირველი ნაკადი კასტინგზე სტამბოლში სამი კვირის წინ გაემგზავრა.
სამი ქართველი მოზარდიდან ორი, ნიკა ტაკაშვილი და ლუკა მაკარიძე ფილმში მონაწილეობაზე დაამტკიცეს. ფილმის გადაღებები აგვისტოში დაიწყება თურქეთში, საქართველოსა და მონტენეგროში.
თუ საიდან დაიწყო თანამშრომლობა თურქულ მხარესთან, „პრაიმ TV“-ის დამფუძნებელი, იოანა დოლიძე გიამბობს:
„ნამდვილად არ იყო მარტივი ის გზა, რომელიც „პრაიმ TV“-მ“ და მე გავიარეთ, რამდენიმე წელია, ამ მიმართულებით ვმუშაობ და დღეს უკვე სიამაყით შემიძლია გახაროთ, რომ ჩვენ ვართ ექსკლუზიური პარტნიორები „მობ აჯანსის“ და შევძლებთ, მივიღოთ მონაწილეობა სხვადასხვა თურქულ პროექტში, ფილმებსა და სერიალებში. ეს მარტო ჩვენი წარმატება არა არის, ეს მთელი ქვეყნის წარმატებაა! ჩვენი ორი მოსწავლე უკვე დამტკიცებულია როლზე, მაისის ბოლოს თურქული მხარე საქართველოში ჩამოვა და უკვე აქ ჩატარდება კასტინგები. ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები. პრაქტიკულად ყველა მოსწავლის ოცნება თურქულ სერიალში მოხვედრაა. ჩვენ მართლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, მათ ოცნებების ასრულებაში დავეხმარო.“


ნიკა ტაკაშვილი (როლზე დამტკიცებული)
„ბავშვობიდან ვოცნებობდი მსახიობობაზე. 7-8 წლის ვიქნებოდი, როცა ვიჯექი ეკრანთან, ვუყურებდი თურქულ სერიალებს და ვბაძავდი თურქ მსახიობებს. როდესაც პრაიმმა მომცა შანსი სტამბოლში ქასთინგზე წავსულიყავი, სიმართლე გითხრათ, არც კი ვნერვიულობდი. იმდენად მომზადებული და მოტივირებული ვიყავი. მე ვიცოდი, რომ მარტო ჩემ თავს არ წარვადგენდი, წარვადგენდი ჩემს ქვეყანას და ეს დიდი პასუხისმგებლობა იყო. ახლა ინტენსიურად ვსწავლობ თურქულ ენას და ვემზადები გადაღებებისთვის. ფილმი კომედიური ჟანრისაა, სახალისო სიუჟეტია, მდიდარი თურქული ოჯახის შვილები გადაწყვეტენ ფულის საშოვნელად და სამუშაოდ საქართველოში ჩამოვიდნენ. სამწუხაროდ სხვა დეტალების გამხელის უფლება ჯერ არ გვაქვს. თუმცა დღეს იმ პატარა ნიკას, რომელიც თურქულ ფილმში გადაღებაზე ოცნებობდა შემიძლია ვუთხრა, ჩვენ ეს შევძელით ნიკუშ !!!“
ლუკა მაკარიძე (როლზე დამტკიცებული)
„ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. ერთბაშად ოთხ კინოსტუდიაში ვიყავით ქასთინგებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსახიობობის, მოდელობის საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული გარემო დაგვხვდა ქასთინგზე. ჩემთვის სტამბულის ქასთინგები უდიდესი გამოცდილება იყო. ვნახე როგორ მუშაობენ. რა მიდგომები აქვთ, რა მოთხოვნები. რაც პირველ რიგში თვალშისაცემი იყო – ძალიან თბილად და კეთილგანწყობით გვხვდებოდა ყველა. უამრავ ქასთინგში მაქვს საქართველოში მონაწილეობა მიღებული, ყველგან დაძაბული შევდიოდი და დაძაბული გამოვდიოდი. სტამბოლში კი პირიქით და მე ახლა უფრო მოტივირებული და უფრო მონდომებული ვარ, რომ მიზანს მივაღწიო. ეს მხოლოდ დასაწყისია დარწმუნებული ვარ“.


