LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს მოსამართლეები იბრძვიან პირადი კეთილდღეობისთვის, სხვა დანარჩენი არ აინტერესებთ” – ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე

41
20181226155749

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია ხვალ, 26 მაისს გაიმართება. აღნიშნულ კონფერენციაზე მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრს აირჩევენ და ჩაანაცვლებენ საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს, რომლებსაც საბჭოში მუშაობის ვადა ეწურებათ. ესენი არიან: ირაკლი შენგელია, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე.

სასამართლო სისტემაში გრძელდება პროცესი, რომლის შეჩერების აუცილებლობასაც ხედავენ საერთაშორისო პარტნიორები, ასევე პროცესს აპროტესტებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილიც.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევაში მონაწილეობას პროტესტის ნიშნად აღარ მიიღებს ნაზი ჯანეზაშვილი.

აღნიშნულ თემაზე „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ისაუბრა.

„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებს, კანდიდატურების კონკურსია გამოცხადებული ოქტომბერ-ნოემბერში, დაახლოებით 8 თვეა ეს პროცესი მიმდინარეობს, სულ არის 11 ვაკანსია და ამ ვაკანსიების შევსება თუ მოხდება სრულად ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ათწლეულებზეა საუბარი, ფაქტობრივად, ვკარგავთ იმედს, რომ სასამართლო სისტემაში, უზენაეს სასამართლოში კონკრეტულად შეიძლება შეიცვალოს რაიმე პოზიტიურად, ვინაიდან უზენაეს სასამართლოში ჩვენ ჯამში გვეყოლება 25 უვადო მოსამართლე.

პრობლემა სწორედ ის არის, რომ უზენაესი სასამართლო უნდა კომპლექტდებოდეს ღირსეული და კვალიფიციური კადრებით, სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდება და ვხედავთ, რომ ყველა ნაბიჯი, რაც უზენაესი მოსამართლეების მხრიდან გადაიდგა იყო დარღვევებით.

ნაზი ჯანეზაშვილს არ აქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი კონფერენცია არ შედგება.

ამასთან მან ხაზი გაუსვა იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს ამ პროცესში პირადი ინტერესი ამოძრავებს.

„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ რაიმე პოზიტიური გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს ამ განცხადებებს, ისინი არ ითვალისწინებენ არავის მოწოდებას, მაგალითად საუბარია გვრიტიშვილის განცხადებებზე, რომელიც ახმოვანებს ე.წ “კლანის” იდეებს და მოსაზრებებს და ნათლად ჩანს, რომ ისინი არც უკან დახევას აპირებენ.

უბედურება ჩვენი ქვეყნის ამ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ გვყავს მოსამართლეები, რომლებიც საკუთარი ინტერესებისთვის იბრძვიან, საკუთარი თანამდებობების შესანარჩუნებლად და კიდევ მეტი თანამდებობის მოსაპოვებლად.

გვრიტიშვილი თვითონ, რომ გამოდის და განცხადებებს აკეთებს, დაინტერესებული პირია ამ პროცესში, თვითონ არის ერთ-ერთი კანდიდატი და რომ ამბობს არ შევაჩერებთ ამ პროცესსო ვისზე საუბრობს საინტერესოა? თვითონ კანდიდატია.

სასამართლოს იმაზე დიდ უბედურებას, რაც ჩვენ დღეს გვაქვს „კლანური მმართველობის“ სახით პროცესის დროებით შეჩერება ვერ მოუტანს.

უბრალოდ ეს შეჩერება უნდა იყოს საწინდარი იმისთვის, რომ დაიწყოს ფუნდამენტური რეფორმები.

როგორც ხედავთ ეს მოსამართლეები იბრძვიან პირადი კეთილდღეობისთვის. სხვა დანარჩენი, რა ხდება სასამართლოს გარეთ აბსოლუტურად არ აინტერესებთ.

ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანებთან გვაქვს საქმე, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ თავიანთი თანამდებობებისთვის იბრძოლებენ.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე და სასამართლოებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კონკურსი არ უნდა ჩატარდეს მანამ, სანამ სასამართლო სისტემაში რეფორმები არ განხორციელდება.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ფუნდამენტური რეფორმები უნდა განხორციელდეს, ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ცვლილება, დღეისათვის იქ არიან მოსამართლეები, რომლებიც კლანის მთავარი სახეები არიან, შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ უნდა შევიდნენ საზოგადოების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში არამოსამართლე წევრები უნდა იყვნენ უმრავლესობაში.

მათ შორის მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუ სახალხო დამცველს ექნება კვოტა კანდიდატურების დანიშვნის და მხოლოდ პოლიტიკური ორგანო პარლამენტი ან პრეზიდენტი არ დანიშნავს არამოსამართლე წევრებს.

ეს არის ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთ-ერთი გასაღები იმ პრობლემიდან, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და შეიძლება ამან არსებითად შეცვალოს შიგნით ვითარება, მერე ამას უნდა მოყვეს ზომები, რომლებიც აღმოფხვრის გაჭიანურებულ საქმეებს.

გაჭიანურებული საქმეები არის ძალიან დიდი გამოწვევა. ამ 4 წლის განმავლობაში რაც ამ საბჭოს წევრი ვარ არსებითი მსჯელობა ამაზე საბჭოს შიგნით და თუნდაც პარლამენტთან არ გამართულა.

ამიტომ მოქალაქეებს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ჰქონდეთ სათანადო უფლება დაცული მნიშვნელოვანია ამ კუთხით გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ადამიანები წლებს სასამართლოში არ უნდა ატარებდნენ.“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „ფორტუნას“ ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები