LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს მოულოდნელი იყო: გურამ კაშიას ჯილდო ლევან კობიაშვილმა ჩაიბარა

67

გურამ კაშიას ჰქონდა სწორი პასუხი მათ მიმართ, როცა თქვა, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მონაკოში განაცხადა, სადაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის ცერემონიაზე გურამ კაშიას Equal Game-ის ჯილდო გადასცეს.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა უეფა-ს პრეზიდენტს, ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა გურამის მიმართ, ეს იყო რთული პერიოდი მისთვის. ზოგიერთმა საქართველოში გამოთქვა მოსაზრება, რომ მას არ უნდა ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ გურამს ჰქონდა სწორი პასუხი მათ მიმართ, როცა თქვა, რომ თუკი თუნდაც ერთი მხარდამჭერი მაინც ეყოლება საქართველოში, ის ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში და სწორედ ის ერთი ადამიანი მე ვარ და საერთოდაც, საქართველოში მას ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მინდა პატივისცემა გამოვხატო მის მიმართ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ქართველი ფეხბურთელი მონაკოში გამართულ ღონისძიებას, „სან ხოსეს“ შემადგენლობაში ჩატარებული მატჩის გამო ვერ დაესწრო. შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია Equal Game-ის ჯილდოსთვის უეფა-ს მადლობა უხდის.

უეფამ კაშიას ვიდეო გაავრცელა, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ მისთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება მოულოდნელი აღმოჩნდა.

„დიდი მადლობა ბატონ ალქსანდრეს ამ ჯილდოს გადმოცემისთვის. ასევე მადლობა უეფას. აღნიშნული ჯილდოს მიღება დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.

ჯილდოს მიღება ჩემთვის მოულოდნელი იყო. ძალიან მადლიერი ვარ.

ფეხბურთი ყოველთვის იყო ჩემი სიყვარული. გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და ყოველთვის ვიდგები ადამიანების თანასწორობის მხარეს მოედანზე თუ მოედნის მიღმა“, – განაცხადა გურამ კაშიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები