„ეს არის პირდაპირ ნაკარნახევი რუსეთიდან და დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩვენს საქმიანობასთან – ლეგიონი გახლავთ ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინაში და რა თქმა უნდა, ეს დიდი „შემაწუხებული“ ფაქტორია, რადგან ქართული ლეგიონის მებრძოლების ხელით ძალიან ბევრი რუსი კვდება“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მოწყობას გეგმავს.
ტვ „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბრის დროს მამულაშვილი ასევე ამბობს, რომ „ქართული რუსული ხელისუფლება“ ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს.
სუს-ი: გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა
„გეგმის ერთ-ერთ ავტორად გვევლინება საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე“
„მე არ მინდა, რომ ეს ყველაფერი მიმართული და განზრახული იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი ოჯახების სანახავად ჩამოდიან.
როგორც იცით, რუსეთში ქართული ლეგიონის წევრების წინააღმდეგ სასამართლო ჩატარდა, რუსეთმა ამ ადამიანებს სხვადასხვა მუხლი მიუსაჯა.
შეიძლება, ეს იყოს მცდელობა, რუსეთს გადასცენ ეს ადამიანები, ვინც საქართველოში ჩამოდიან. ასე რომ, მგონია, ეს არის სუფთად რუსული ხელწერა, საქართველოს რუსული ხელისუფლება გააქტიურდა და ამით ქართული ლეგიონის დისკრედიტაციას ცდილობს“. – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.