LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ჩემი შესრულებით მოსწონთ და უფლება არ მქონდა, რომ არ ჩამეწერა… ძალიან სახუმარო, ძალიან სახალისოა…“ – გიორგი წერეთელი პრემიერით „არ დაიდარდოში“

2584
გიორგი-წერეთელი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ გიორგი წერეთელი სტუმრობდა. მომღერალმა თავის შემოქმედებაზე, ახალ ნამუშევრებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში „მეეზოვის სიმღერის“ რადიო პრემიერა შედგა.

გიორგი, როგორც ვიცი, ისრაელში იყავი, როგორ ჩაიარა ღონისძიებებმა?

ჩატარდა ყოველწლიური „გეორგიადა“, რომელშიც უკვე მეათე წელია ვიღებ მონაწილეობას და უკვე ხუმრობენ, როგორც ხაჭაპური უნდა იყოს აუცილებლად სუფრაზე, ისე უნდა იყოს გიორგი წერეთელი „გეორგიადაზეო“. ტრადიციულად, ისევ ემოციურად ჩაიარა ამ ყველაფერმა. ღონისძიებაში ძალიან ბევრი მომღერალი იღებდა მონაწილებას, ლევან შენგელია, დოდონა ნამორაძე, დავით როსტომაშვილი და სხვები. კარგი სიტუაცია, კარგი განწყობა და რაც მთავარია, ქართული სულისკვეთება იყო.

სხვათა შორის, ძალიან სასიამოვნოა, რომ უკვე ებრაელი ბავშვებიც სწავლობენ ქართულ ცეკვას, ქართულ ინსტრუმენტებს. ქართული კულტურა ყოველ წელს უფრო და უფრო ვითარდება ისრაელში.

განსაკუთრებით შენი რომელი სიმღერა არის მოთხოვნადი ისრაელში?

„ალუბლები“, ასევე „შენი გული ჩემი გულია“, რომელიც ძალიან „გავარდა“ და ძალიან მიხაროდა, რომ კონცერტზე ჩემთან ერთად მღეროდა ყველა, ტექსტი ყველამ ზეპირად იცოდა, მიკროფონიც კი გადავაწოდე მსმენელებს.

ვისაუბროთ ნამუშევარზე „მეეზოვის სიმღერა“.

ბანკეტებზე, სუფრაზე, მეგობრებთან და ა.შ. ვმღეროდი ამ სიმღერას. სხვათა შორის, მერაბ სეფაშვილს და გია გოგორიშვილს მოსწონთ ძალიან. ეს სიმღერა ჩემი შესრულებით ძალიან უყვარდა კაკულის, სულ მეუბნებოდა, გიო, გეხვეწები შეასრულეო. შემდეგ, „რუსთავი 2“-დან დამირეკეს და მათთვის დავდგი თეატრალიზებული ძალიან კარგი ნომერი. „ტიკ ტოკიდან“, „ფეისბუქიდან“ ხალხმაც გაიგო ეს ნამუშევარი. ეს სიმღერა ჩემი შესრულებით მოსწონთ რატომღაც და უფლება არ მქონდა, რომ არ ჩამეწერა. სიმღერა არის ჩვენს ქალაქზე, არის მეეზოვის სიმღერა. ძალიან სახუმარო, ძალიან სახალისოა. თემა ის არის, რომ ჩვენს ქალაქს უნდა გავუფრთხილდეთ აუცილებლად.

როგორია სამომავლო გეგმები, თუ მუშაობ ახალ სიმღერებზე?

უკვე დაწერილია ახალი ქალაქური სიმღერა. ადრე სულ მარტო ვმღეროდი და ამ ბოლო დროს, სულ მეგობრებთან, დუეტებში მინდა, რომ ვიმღერო. რა თქმა უნდა, აუცილებლად იქნება ჩემი სოლო სიმღერებიც, ისევ დაკავშირებული ქეიფთან, დროსტარებასთან, პოზიტივთან და მთავარ გრძნობასთან – სიყვარულთან.

გიორგი წერეთელი – მეეზოვის სიმღერა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გიორგი წერეთელი – რა იქნება შენს მახლობლად მეც ვიყო. Live

გიორგი წერეთელი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები