LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა ძალიან ბევრმა მომღერალმა შეასრულა არაჩვეულებრივად, თუმცა ეს განსხვავებული, ჩემეული ვერსიაა, ცოტა ჯაზისკენ იხრება…ძალიან ჩემია ეს სიმღერა და ძალიან მიყვარს“ – მანანა კიკილაშვილი

247
მანანა-კიკილაშვილი

9 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი მანანა კიკილაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის მუსიკალურ კარიერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი ნამუშევარი „გზები“ წარუდგინა.

მანანა, რა სიახლეებია შენს მუსიკალურ კარიერაში?

სამწუხაროდ, ჩემს რეპერტუარში სიახლეები დიდად არ არის, მაგრამ რაღაცას მაინც ვცდილობ, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, რომ სულ იყოს საინტერესო მომენტები. მართლა ბედნიერი ვარ, რომ მაქვს საშუალება ჩემი საყვარელი ჟანრი, ჯაზი შევასრულო. არაჩვეულებრივ მუსიკოს, ოთარ მაღრაძესთან ერთად მაქვს ძალიან საინტერესო რეპერტუარი და საბედნიეროდ, საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ეს საღამოები.

ძირითადად როგორ არჩევ ხოლმე შენს რეპერტუარს?

ძირითადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის იმას ვმღერი, რაც ჩემს გულთან ახლოს არის, მომწონს და ჩემს გემოვნებაში ჯდება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიმღერა ბოლომდე არ არის ჩემი სტილის, მაგრამ ვმღერი. დღევანდელი სიმღერაც, „გზები“ ერთ-ერთია იმ სიმღერებიდან, რომელსაც ბავშვობიდან ვმღერი და რომელიც ჩემშია. ეს სიმღერა ძალიან ბევრმა მომღერალმა შეასრულა არაჩვეულებრივად, თუმცა ეს განსხვავებული, ჩემეული ვერსიაა, ცოტა ჯაზისკენ იხრება. არის ცოცხალი ინსტრუმენტები, შესრულებაც, რა თქმა უნდა, ლაივია ჩაწერილი. არის ზურა მახნიაშვილის არაჩვეულებრივი არანჟირება, ძალიან მომწონს. რაღაცნაირად მოვირგე, ძალიან ჩემია ეს სიმღერა და ძალიან მიყვარს. ეს სიმღერა შარშან ჩავწერე, მაგრამ ჩემი ტემპებიდან გამომდინარე, რატომღაც არსად გამიჟღერებია.

მსმენელს ძალიან უყვარს სიმღერა „თეთრი კლავიშები“ და მინდა, რომ ამ ნამუშევარზეც ვისაუბროთ.

ეს სიმღერა ძალიან ბევრი წლის წინ ჩავწერე, იმდენი წელი გავიდა, რომ უკვე მეშინია, ამაზე რომ ვფიქრობ. სხვათა შორის, მაშინვე პოპულარული გახდა და არაერთ სატელევიზიო გადაცემაში შესრულდა. ძალიან ხშირად ტრიალებდა ეთერში. ამ სიმღერამ კონკურსებშიც ბევრჯერ გაიმარჯვა. შევქმენი მისი ახალი ვერსიაც, რომელიც ძალიან მიყვარს.

როგორია სამომავლო გეგმები?

მინდა, რომ საბოლოოდ შევკრა ის სიმღერები, რაც მაქვს, თუმცა დრო არ მაქვს, პროდიუსერი არ მყავს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხო… (იცინის).

მანანა კიკილაშვილი – გზები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მანანა კიკილაშვილი. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები