LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს სიმღერა სწორედ იმ თემატიკაზე არის შექმნილი, რომ ჩვენ თუ გვაქვს სათქმელი დღეს, მით უმეტეს კარგი და თბილი სიტყვები, ამას არ სჭირდება – „მერე“… მერე, შეიძლება, უბრალოდ გული დაგვწყდეს“ – ლევან გულბათაშვილი

400
ლევან-გულბათაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ კომპოზიტორ-შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი და მომღერალი, ლევან გულბათაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერების „გაზაფხულის მზე“ და „მერე, მერე“ პრემიერა შედგა.

ქეთი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში და როგორია სიმღერის „გაზაფხულის მზე“ ისტორია, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ქეთი: ისტორია მე მაქვს, მე მიკავშირდება.

ბევრი წლის წინ, როგორც ყველა მოზარდს, მეც მქონდა პრანჭვის პერიოდი, მომწონდა ვიღაც. ისეთ ასაკში ვიყავი, ვერ გავიგე, მასაც მოვწონდი თუ არა, გავბრაზდი და ვთქვი, რომ ღმერთს მოვუყვებოდი ამ ამბავს და ეს ფრაზა სულ მახსოვდა. ეს თემა ახლა ამომიტივტივდა და შევქმენი სიმღერა. ჩემთვის ძალიან ბედნიერი სიმღერაა. სიმღერა, რა თქმა უნდა, ჩვენს საყვარელ ზაზა გოჩიტაშვილთან დამზადდა. სიმღერის არანჟირებაც ერთად შევქმენით მე და ზაზამ.

ლევან, მოგვიყევი შენს ახალ სიმღერაზე – „მერე, მერე“.

ლევანი: ეს სიმღერა „მხოლოდ ქალები“ რომ დაიწერა, მალევე დაიწერა. ბოლო პერიოდში, ვიძახდი დამიძველდა სიმღერა და რაღაც უნდა ჩავწერო-მეთქი. ჩემმა მეუღლემ, ანუკიმ მითხრა, ხომ გაქვს სიმღერა, რომელიც ქეთიმ დაგიწერაო, მე საერთოდ არ მახსოვდა. ქეთის წვლილზე რომ არაფერი ვთქვათ, ანუკის დამსახურებაა ეს სიმღერა, რადგან მან შემახსენა.

ქეთი: ლევანი მირეკავს და მეუბნება, რაღაც ახალი სიმღერისთვის ვემზადებიო. მე ჯერ გონში არ ვარ, რა უნდა მითხრას და ვპასუხობ, რა ახალი სიმღერისთვის ემზადები, ჯერ, რაც გაქვს, ის ვერ ჩაგიწერია და წადი ის ჩაწერე-მეთქი. თან, ერთი სიმღერა არ აქვს, ძალიან ბევრი აქვს… ლევანმა მითხრა, გოგო, მაცადე თქმა, უკვე ჩავწერეო.

ლევანი: მადლობა მინდა გადავუხადო ქეთის.

რიგში მაქვს ქეთის კიდევ რამდენიმე სიმღერა, მაგრამ ამას ალბათ, წლები დასჭირდება, მოგეხსენებათ, მე წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ ვწერ სიმღერებს.

აღსანიშნავია, რომ სიმღერას ულამაზესი ტექსტი აქვს…

ლევანი: ქეთის დამსახურებაა ეს ლექსი, მას ეკუთვნის ტექსტი. სხვათა შორის, ტექსტი რომ არ ყოფილიყო ასეთი გამართული და ასეთი მისაღები ჩემთვის, შეიძლება, ამ სიმღერას რაღაცნაირად ცოტა უკანა პლანზე დაეწია და რიგში სხვა სიმღერა ჩამდგარიყო, მაგრამ სისავსე არის თვითონ კომპოზიციის და ამ ტექსტის, მე ძალიან მომწონს. 

რაღაცები არ უნდა დავაგვიანოთ ცხოვრებაში. ეს სიმღერა სწორედ იმ თემატიკაზე არის შექმნილი, რომ ჩვენ თუ გვაქვს სათქმელი დღეს, მით უმეტეს კარგი და თბილი სიტყვები, ამას არ სჭირდება – „მერე“… მერე, შეიძლება, უბრალოდ გული დაგვწყდეს. ტექსტიდან გამომდინარე მივხვდი, რომ მერე არ უნდა ჩამეწერა ეს სიმღერა და ახლა უნდა ჩამეწერა.

მანე ჰაკობიანი არის ასეთი სომეხი კომპოზიტორი, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ მეგობარი საქართველოდან, რადგან სიმღერის ქართული ვერსიის შესრულებას უფლება სჭირდება.

ქეთიმ ამ სიმღერაში რაღაცები მელოდიაშიც შეცვალა, ოღონდ, ძალიან სიფრთხილით მოეკიდა.

სიმღერაზე ჩვენმა უნიჭიერესმა გიორგი დათიაშვილმა იმუშავა, ნამუშევარი  სტუდიაში „ფორტუნა რექორდს“ ჩაიწერა.

გულბათი – მერე, მერე

ქეთი ხუციშვილი – გაზაფხულის მზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გულბათი & ქეთი ხუციშვილი. “პრემიერა თაკოსთან”