იტალია კუნძულ სარდინიაზე გავრცელებულ ხანძარს უპრეცედენტო კატასტროფას უწოდებს და დახმარების თხოვნით ევროკავშირს მიმართავს.
სწორედ ამ თხოვნის შემდეგ, საფრანგეთმა და საბერძნეთმა იტალიაში ხანძარსაწინააღმდეგო ორ-ორი თვითმფრინავი გააგზავნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მობილიზებულია 7 500 მეხანძრე, ასევე 20 თვითმფრინავი და 13 ვერტმფრენი.
“ხანძარმა, დაახლოებით, 20 000 ჰექტარი მოიცვა, განადგურდა ათი ათას ჰექტარზე განთავსებული სხვადასხვა სახის მცენარეული. განადგურდა სხვადასხვა სახის ბიზნესი, დაიწვა უამრავი სახლი, დაიხოცა პირუტყვი.” – განაცხადა სარდინიის რეგიონის პრეზიდენტმა კრისტიან სოლინასმა და აღნიშნა, რომ ეს უპრეცედენტო კატასტროფაა.
რეგიონის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მთავრობას მოუწოდა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ფინანსური დახმარება ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული სოფლების დასახმარებლად.
საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან მეხანძრე-მაშველებმა სულ მცირე 355 ადამიანი გამოიყვანეს.
გავრცელებული ხანძრის გამო, დაახლოებით 1 500 ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები კუნძულის დასავლეთით, ორისტანოს რაიონში. ათობით ტურისტმა დატოვა სანაპირო კურორტი პორტო ალაბეც.