LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი და ჯანმო COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს

60
unnamed

ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე უკეთესი  ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ კონცენტრატორები და ოქსიმეტრები დღეს, სიმბოლურად  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცეს.

„სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თითქოს რუტინად იქცა, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ზოგჯერ სუნთქვისთვის იბრძვიან და არ აქვთ წვდომა  ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობასთან, ერთად, რომ  COVID-19-ის პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ამ რთულ დროს, ევროპის გუნდთან ერთად, ჩვენ კვლავ საქართველოს გვერდით ვდგავართ,“ – განაცხადა  ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გრძელდება ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება.

„უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ აუცილებელი მარაგების მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და არასწორი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება იმისდა მიუხედავად, დიდ ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფლად,“ – განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება. პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე.

ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა და მოხდა ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს  თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე; ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.

ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია, საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმარება. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g