ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარი წარმომადგენელი პეტერ სტანომ აცხადებს, რომ „ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ“.
მისივე განცხადებით, „ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განზრახვა გაეროს წესდების, ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს და „რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელებისთვის“.
პეტერ სტანო აცხადებს, რომ ე. წ. „არჩევნების“ ორგანიზებაში ჩართული ყველა პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პასუხისგებაში მიეცემა.