“ევროკავშირის იმ 7-8 ქვეყნიდან, რომელსაც ვაქცინის იმაზე მეტი დოზა აქვს შეკვეთილი და ნაყიდი, ვიდრე სჭირდებათ, უკვე გვაქვს შეპირება, რომ როდესაც ამ ჭარბ დოზებს მიიღებენ, საქართველოსაც გადმოუნაწილებენ.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს წელს კოვაქსისგან გარანტირებული აქვს ვაქცინის 1.4 მილიონი დოზა, მაგრამ ქვეყანას, გეგმის მიხედვით, 3.9 მილიონი დოზა სჭირდება:
“ვაქცინებთან დაკავშირებით საქართველომ მუშაობა დაიწყო აგვისტოში. წელს გარანტირებული გვაქვს 1.4 მილიონი დოზა კოვაქსიდან, რომელიც წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ. მაგრამ ჩვენი გეგმით, წელს გვჭირდება 3.9 მილიონი დოზა, ანუ 2.5 მილიონი დოზა კიდევ არის მოსაპოვებელი, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ინტენსიური, ყოველწუთიერი, ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყანასთან და მწარმოებელთან.” – ამბობს გამყრელიძე.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები ვაქცინების მწარმოებელ ოთხ მსხვილ კომპანიასთან და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სექტორი მუშაობს ყოველ მხრივ, რათა ის გეგმა, რომელიც მოსახლეობის 60%-ის აცრას გულისხმობს, ზედმიწევნით იქნას შესრულებული:
“სამწუხაროდ, ვაქცინა გადაიქცა პოლიტიკურ იარაღად. ჯერჯერობით, ის არის ძლიერი სახელმწიფოების ხელში. ეს არის ისეთი დიდი სახელმწიფოები, როგორიცაა აშშ, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია..
გუშინ ესპანეთმა იჩივლა იმის გამო, რომ ვერ მიეწოდა ის დოზები, რისთვისაც მას გადახდილი აქვს. შესაბამისი რაოდენობის ვაქცინებს ევროკავშირის ქვეყნები ვერ იღებენ.
საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სექტორი მუშაობს ყოველ მხრივ, რომ ის გეგმა, რაც არის გათვალისწინებული მოსახლეობისთვის, შესრულდეს და 60% იქნას აცრილი.” – თქვა ამირან გამყრელიძემ.
