16-17 ნოემბერს, კახეთში, რადისონ ქოლექშენ წინანდლის მამულში, სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ორგანიზებითა და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმში მონაწილეობდნენ თემის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე, სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პროექტს ასევე მხარს უჭერდა ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ნორვეგია და ბირმინგემის უნივერსიტეტი.
სათემო ლიდერთა წლევანდელი ფორუმი მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი. სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა საინტერესო სათემო ორგანიზაციასა და მათ პროექტებს, მონაწილეობა მიიღეს არაერთ პანელურ დისკუსიაში და 2021-2022 წლების საუკეთესო სათემო ინიციატივის დაჯილდოებაში.
„თემის გაძლიერება დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მოსახლეობისთვის გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი, მოახდინონ ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანი რეალიზება და წარმოადგინონ მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრის გზები. აღნიშნული ფორუმით ხელს ვუწყობთ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ მოქალაქეებს ხმამაღლა ისაუბრონ საკუთარი მიღწევების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას არაჩვეულებრივი ინიციატივები, გაიცნონ პოტენციური პარტნიორები და მიიღონ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე.“ – განაცხადა CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქალბატონმა ეკა ურუშაძემ.
პანელური დისკუსიებზე განიხილეს შემდეგი საკითხები: თვითმმართველობასთან თანამშრომლობა (საუკეთესო პრაქტიკები და გამოწვევები), ტურიზმი სოფლად, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, თემის ისტორიული მეხსიერება და კულტურული მემკვიდრეობა. თითოეულ პანელს ჰყავდა მასპინძელი და რამდენიმე სპიკერი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებასთან ინტერაქციული და პროდუქტიული დისკუსიები გამართეს.
„მოხარულები ვართ, რომ მხარდამჭერის სახით, ჩართული ვართ ასეთ წარმატებულ პროექტში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სათემო ინიციატივების მხარდაჭერა, რადგან ისინი ეხმარებიან ადგილობრივ მოსახლეობას, უფრო მეტად იყვნენ ჩართული ქვეყნის ცხოვრებასა და მის განვითარებაში“ – განაცხადა კონრად ადენაუერის ფონდის, „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ პროექტის კოორდინატორმა რუსუდან თაბუკაშვილმა.
„სათემო ლიდერთა ფორუმი“ გამორჩეული ღონისძიებაა, რომელიც CSRDG-ის ორგანიზებით, 2015 წლიდან რეგულარულად ტარდება. ფორუმის მიზანია, სათემო ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტებისათვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის კონტაქტების გაღრმავება და რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების
გაზიარება. ღონისძიების თემატიკა ყოველწლიურად იცვლება სათემო ორგანიზაციების არსებული მოთხოვნების, საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად. სათემო ლიდერთა ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.cdrc.ge
ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ
ფორუმი ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი შეიქმნა 1995 წელს და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა თემის განვითარების პროგრამა, რომლის მიზანია, ადგილობრივი ლიდერების საინიციატივო ჯგუფების შექმნა/გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, ადგილობრივ დონეზე არსებული პოტენციალის უკეთ რეალიზება, თემის განვითარებაში ქალების ჩართულობის გაზრდა და მათი სამოქალაქო ლიდერებად ჩამოყალიბება.