ევროპარლამენტის სატრანსპორტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც თვითმფრინავით ხელბარგის გადატანა უფასო უნდა გახდეს. ამის შესახებ BBC წერს.
თუკი გადაწყვეტილებას დააკანონებენ, მგზავრებს უფლება ექნებათ უფასოდ აიტანონ ბორტზე ერთი პირადი ნივთი (მაგალითად, ჩანთა, ზურგჩანთა ან ლეპტოპის ჩანთა) და დამატებით მცირე ზომის ხელბარგი, რომლის სამი განზომილების ჯამი 100 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
ამ ეტაპზე, ხელბარგთან დაკავშირებული წესები თითოეული ავიაკომპანიის პირად შეხედულებაზეა დამოკიდებული — ბევრი გადამზიდი ბილეთის ფასში მხოლოდ ერთ ნივთს მოიაზრებს, ხოლო დანარჩენზე მგზავრს დამატებითი თანხა ეკისრება.
ევროპარლამენტარებმა გადაწყვიტეს, კანონით გაამყარონ ევროკავშირის სასამართლოს 2014 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხელბარგი ფრენის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა და მისი უფასოდ წაღება მგზავრის უფლებაა.
რაც შეეხებათ თავად ავიაკომპანიებს, ისინი ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ინიციატივა ბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს, რადგან კომპანიის ზოგადი ხარჯები ყველა მგზავრზე გადანაწილდება, მათ შორის მათზეც, ვინც ბარგის გარეშე მოგზაურობს.
თუ კანონი დამტკიცდება, სიახლე ევროკავშირის ფარგლებში ყველა ფრენაზე გავრცელდება.
საინტერესოა, რომ აღნიშნული ცვლილება შესაძლოა დადებითად აისახოს იმ მოგზაურებზე, ვინც Ryanair-ს ან Wizz air-ს ხშირად იყენებს და თან მცირე ბარგით გადაადგილდება.