LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში შესაძლოა 16 წლამდე მოზარდებს სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალონ

111
20251124PHT31546-cl

ევროპის ქვეყნებში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოც-ქსელების აკრძალვა სურთ. ევროპარლამენტმა უკვე მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსგავს აკრძალვას მთელ კონტინენტზე აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს.

მიუხედავად ამისა, 13 წელზე უფროსი მოზარდები შეძლებენ ამ შეზღუდვისთვის გვერდის ავლას, თუ მშობლების ნებართვას მიიღებენ.

სოციალური პლატფორმებისთვის  ასაკის გადამოწმების ერთიანი სისტემა ჯერ არ არსებობს. ხუთ ქვეყანაში უკვე ტესტავენ ონლაინ აპლიკაციას, რომელიც ასაკის დადასტურებას უზრუნველყოფს ისე, რომ მოზარდის პერსონალურ მონაცემებს არ მოითხოვს.

სანამ ერთიანი სისტემა შემუშავდება, თითოეულ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ასაკი საკუთარი მეთოდით გააკონტროლოს.

16 წლამდე მოზარდებს შესაძლოა არამხოლოდ სოციალური ქსელები, არამედ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტებიც აეკრძალოთ. სპეციალისტების აზრით, ბავშვების კოგნიტიური უნარები ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, ისინი ყოველთვის ვერ არჩევენ სიმართლეს ტყუილისგან, რის გამოც ადვილად ექცევიან მანიპულაციის ქვეშ.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ბავშვებისა და მოზარდების დამოკიდებულება სოციალურ ქსელებზე და მათში ინტეგრირებულ ვიდეოთამაშებზე, ასევე ფიდის მუდმივი გადამოწმების ჩვევა, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნეირონული მგრძნობელობის ცვლილებებთან, რომლებიც სოციალური ჯილდოების აღქმაზე მოქმედებს. მოზარდებში მენტალური პრობლემების ზრდა – მაგალითად, შფოთვა და დეპრესია, პირდაპირ უკავშირდება სოციალურ პლატფორმებზე დამოკიდებულებას. ასევე აღმოჩენილია კავშირი სოციალური ქსელების ზედმეტ მოხმარებასა და რეალურ ცხოვრებაში იმპულსების კონტროლის დაქვეითებას შორის.

დღეს მოზარდების 97% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, მათგან დაახლოებით 80% ქსელში დღეში 7 საათზე მეტს ატარებს.

საბერძნეთში უკვე აკრძალულია 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოც-ქსელების გამოყენება. დანიაში მსგავსი შეზღუდვა მომავალი წლიდან შევა ძალაში. ლატვიის მოსახლეობის მესამედი მხარს უჭერს აკრძალვას 13 წლამდე ბავშვებისთვის. გერმანიაში კი უმრავლესობა 16 წლამდე მოზარდებისთვის შეზღუდვების დაწესებას ემხრობა. საფრანგეთში სენატმა მოითხოვა „ციფრული კომენდანტის საათი“ – საღამოს 20:00-დან დილის 08:00-მდე, რა დროსაც 15-18 წლის მოზარდებს სოციალურ ქსელებზე წვდომა ექნებათ შეზღუდული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები