ევროპელი ლიდერები მიესალმებიან აშშ-უკრაინის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საუდის არაბეთში.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, – დაწერა მაკრონმა X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.
განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომელიც „თბილად” მიესალმება ჯედაში მიღწეულ შეთანხმებას და ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის „ამ შესანიშნავ გარღვევას”.
„ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას”, – აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, შაბათს მოიწვევს მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე „შემდეგი ნაბიჯების განსახილველად“ და დასძინა:
„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანი გზით”.
ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.
„როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგნენ მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა , დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში”, – დაწერა ტუსკმა.
„უკრაინა თანახმაა 30 დღით ცეცხლი შეწყვიტოს“ – საუდის არაბეთში მხარეებს შორის შეხვედრა დასრულდა