ევროპაში შინაური ცხოველებისადმი მეგობრული სამუშაო გარემო თანამშრომლებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ახალი კვლევის მიხედვით, ევროპელების 55% მზად არის სამსახური შეიცვალოს, თუ ახალ კომპანიაში შინაური ცხოველის მიყვანას შეძლებს.
კვლევაში, რომელიც ევროპის 16 ქვეყანაში 16 ათასი ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა, გამოიკვეთა, რომ ე.წ. pet-friendly პოლიტიკა ბევრისთვის უკვე ისეთივე მნიშვნელოვანი ბენეფიტია, როგორიც ჯანმრთელობის დაზღვევა, დამატებითი შვებულება ან თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სხვა შეღავათები.
გამოკითხულთა 37% ამბობს, რომ შინაურ ცხოველთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე კერძო სამედიცინო დაზღვევას ან გახანგრძლივებულ დეკრეტულ შვებულებას. კიდევ 35%-ისთვის ეს უპირატესობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ფასდაკლებები, უფასო სნექები ან სხვა კორპორაციული ბონუსები.
ევროპელების ნახევარი მიიჩნევს, რომ ცხოველებისთვის მეგობრული ოფისი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, ხოლო ყოველი მესამე თანამშრომელი ფიქრობს, რომ მსგავსი პოლიტიკა იმის ნიშანია, რომ კომპანია თანამშრომლების კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს.

კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით მაღალია ასეთი მოთხოვნა 18-24 წლის ახალგაზრდებში. ამ ასაკობრივი ჯგუფის 41% ახალი სამსახურის არჩევისას სპეციალურად ეძებს კომპანიებს, სადაც შინაური ცხოველების მიყვანა ნებადართულია. 55 წელზე უფროსი ასაკის თანამშრომლებში ეს მაჩვენებელი 24%-ს შეადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ pet-friendly ოფისები მხოლოდ თანამშრომლებისთვის არ არის სასარგებლო. ოფისში პატრონთან ერთად ყოფნა შინაურ ცხოველებსაც უმცირებს სტრესს, ამსუბუქებს განშორების შფოთვას და აუმჯობესებს მათ სოციალურ და ემოციურ კეთილდღეობას.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში ევროპაში შინაური ცხოველებისთვის მეგობრული პოლიტიკა სულ უფრო მეტ კერძო კომპანიასა და სახელმწიფო დაწესებულებაში ინერგება.