ევროპაში ავიაკომპანია Eurowings-ის თვითმფრინავებზე პირველად ისტორიაში, რიგითი ადამიანების სახელები გამოჩნდება. ავიაკომპანია იწყებს კამპანიას „დაარქვი თვითმფრინავს სახელი“, რომლის ფარგლებშიც ევროპელებს შესაძლებლობა ექნებათ, დაასახელონ ადამიანი, რომელიც მათი აზრით განსაკუთრებულ აღიარებას იმსახურებს.
კამპანიის ფარგლებში ოთხ ადამიანს შეარჩევენ და მათი სახელები ოთხ Airbus A320-ზე განთავსდება. ავიაკომპანია ხაზს უსვამს, რომ საუბარია არა ცნობილ ადამიანებზე ან საჯარო ფიგურებზე, არამედ ჩვეულებრივ ევროპელებზე, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვებს ეხმარებიან, მხარს უჭერენ, მოხალისეობრივ საქმიანობაში მონაწილეობენ ან უბრალოდ კეთილი საქმეებით გარშემო მყოფების ცხოვრებას უკეთესს ხდიან.
კანდიდატების წარდგენა 11 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი. მონაწილეებმა უნდა დაწერონ, რატომ იმსახურებს კონკრეტული ადამიანი აღიარებას და როგორ ეხმარება ის სხვებს. განაცხადის ტექსტი 250-დან 400 სიმბოლომდე უნდა იყოს. თითოეულ მონაწილეს მხოლოდ ერთი ადამიანის წარდგენის უფლება ექნება, ხოლო კონკურსში მონაწილეობა 18 წლის და უფროსი ასაკის ევროპის მცხოვრებლებს შეუძლიათ.

წარდგენილი ისტორიებიდან საბოლოოდ ოთხ ადამიანს სპეციალური ჟიური შეარჩევს. გამარჯვებულები და მათი ისტორიები დეკემბერში გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მათი სახელები Eurowings-ის ოთხ Airbus A320-ზე გამოჩნდება.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელის, მაქს კოვნაცკის განცხადებით, კამპანიის მიზანია იმ ადამიანების დაფასება, რომლებიც ყოველდღიურად სხვების ცხოვრებას ამარტივებენ. Eurowings-ში მიიჩნევენ, რომ ხშირად სწორედ მცირე, ყოველდღიური კეთილი საქმეები ახდენს ყველაზე დიდ გავლენას.
ამრიგად, ოთხი ჩვეულებრივი ადამიანის სახელი ავიაკომპანიის თვითმფრინავებზე განთავსდება და ევროპის მასშტაბით ფრენისას ათასობით მგზავრი მათ ისტორიას გაიცნობს.