2026 წელი ქართული ყინულის სპორტისთვის ჩემპიონობით დაიწყო. კერძოდ, იანვარში, ევროპის ჩემპიონატზე, ნიკა ეგაძემ უმაღლეს დონეზე შეასრულა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამა, ყველა მეტოქე ჩამოიტოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს იყო გამარჯვება, რომელმაც ისტორია დაწერა და ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლის იმედი რეალობად აქცია.
ახლა ნიკა ეგაძე ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ ფიგურულ მოციგურავეს ისტორიაში პირველი მედლის მოსაპოვებლად.
აღნიშნულ ბლოგში უკეთ გაგაცნობთ ევროპის ჩემპიონს და გიამბობთ ამბავს თავდაუზოგავი შრომის, დისციპლინისა და მოტივაციის შესახებ.
ევროპული ტრიუმფი – ისტორია დაწერილია
ევროპის ჩემპიონობა ნიკა ეგაძის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. შედეგი, რომელმაც არა მხოლოდ სპორტული მიზნები, არამედ მთელი ქვეყნის ისტორია შეცვალა. როგორც თავად ქართველი მოციგურავე აღნიშნავს:
„ეს არის წლების შრომის, რწმენისა და ტკივილის შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ შევძელი საქართველოსთვის ისტორიის დაწერა და ჩემი ქვეყნის სახელის ყველაზე მაღალ დონეზე წარმოჩენა. ყინულზე გასვლამდე ვიცოდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, უბრალოდ გამეკეთებინა საქმე, რომელიც აქამდე მიკეთებია“.
ეს გამარჯვება მისი პირადი მიღწევის გარდა, ეროვნული მნიშვნელობის მოვლენად იქცა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერ სფეროში შესაძლებლობები უსაზღვროა.
განვლილი გზა, ბავშვობა და ოცნებები
გამორჩეულად სანახაობრივი ფიგურული სრიალი შორიდან ზღაპრულად და მარტივად ჩანს, თუმცა სინამდვილეში სუფთად, უშეცდომოდ შესრულებული პროგრამის მიღმა მრავალი საათი, დაუღალავი შრომა და მუდმივი მზადება დგას.
ჩვენი გმირი ამ რთული გზის გავლას ოთხი წლის ასაკში შეუდგა. იმ წამიდან, როდესაც პირველად დადგა ყინულის მოედანზე, მისი ცხოვრება ფიგურულ სრიალს დაუკავშირა.
„ბავშვობა მახსენდება როგორც სიხალისის, დაცემისა და ოცნებების პერიოდი. ეს არის ცხოვრება, სადაც ყოველი დღე შრომაა, მაგრამ ყოველი წამი მიზნისკენ სვლის ნაწილი. რაც უფრო მეტად ვიტვირთები, რაც უფრო ზედმიწევნით ვასრულებ ილეთებს, მემატება თავდაჯერება, რაც ასპარეზობის დროს გადამწყვეტი ფაქტორია“, – აღნიშნავს ნიკა.
ბუნებრივია, იყო ტრავმები, სტრესი და პერიოდები, როცა მარცხი და სირთულეები ერთდროულად მოდიოდა. მაგრამ ახალგაზრდა ჩემპიონმა საკუთარი თავის რწმენითა და გვერდში მდგომი ადამიანების დახმარებით, ეს ეტაპები წარმატებით დაძლია. 2016 წლიდან ასპარეზობს საერთაშორისო შეჯიბრებებში და უკვე მრავალი გამარჯვებით დაამტკიცა მისი შესაძლებლობები. ნიკა ეგაძის ანგარიშზე, უამრავ მედალს შორის, ორი ოქროა.
სტაბილურობა და სამომავლო გეგმები
23 წლის ასაკში მიღწეული წარმატებისა და აღიარების ფონზე რა გასაკვირია, რომ არ ჩერდება და კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას აპირებს. თუმცა, სანამ კიდევ ერთხელ გააჟღერებს საქართველოს სახელსა და ჰიმნს, ნიკას მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.
„ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი სტაბილურობის შენარჩუნება და კიდევ უფრო მაღალი დონის ჩვენებაა. სამომავლოდ კი მინდა, რომ ჩემი კარიერა არ იყოს მხოლოდ ერთჯერადი წარმატება, არამედ გრძელვადიანი ისტორია“, – ამბობს ნიკა.
წინ ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკმაოდ საინტერესო ფინალი გველოდება. კერძოდ, ისტორიული მოვლენის მომსწრენი ვართ – მილანისა და კორტინა-დ’ამპეცოს თოვლიან მწვერვალებში ქართველი სპორტსმენები 70 წლის შემდეგ პირველად ასპარეზობენ.
ნიკა ეგაძე კი ამ ისტორიის ეპიცენტრშია – ის ხომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფინალშია.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს.
საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
(R)
