„საქართველო დღეს არის რუსული ხელისუფლების პასიური მხარდამჭერი“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრისას, ანალიტიკოსმა საქართველოს როლზე ისაუბრა.
„ომის პროცესში, როგორც წესი, სახელმწიფოებს შეიძლება ბევრი რამე არ მოსწონდეთ ერთმანეთთან, მაგრამ ისინი ითვალისწინებენ მთავარ საერთო საფრთხეს და ერთიანად ცდილობენ ამ საფრთხისაგან დისტანცირებას და საკუთარი სახელმწიფოების ინტერესების შექმნას. კი საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფოებრივი ვალდებულება არის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ვერ ვხედავთ ვერცერთ ნათელ გამოხატულებას. ომის დაწყების პირველ ფაზაში კიდევ ცდილობდა ხელისუფლება, რომ მხარდაჭერით დეკლარირება მაინც მოეხდინა.
ეს თავისთავად ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, პარტნიორობის ეჭვქვეშ დაყენება ხდება არა მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, არამედ ზოგადად.
ევროპის ყველა ქვეყანა რაღაცით ირთულებს ცხოვრებას, რომ უკრაინას დაეხმაროს და ასევე, თავადვე რუსული საფრთხისგან დისტანცირდეს. აი ეს სურათი არ ჩანს აქ, თორემ დანარჩენი არის პოლიტიკური ტექნიკის ნაწილი – რას ამბობს ხელისუფლება დიპლომატიური კუთხით და რას ახორციელებს სინამდვილეში.
უბრალოდ, ჩვენს მიმართ დამოკიდებულებები სამწუხაროდ არ არის ის, რაც საქართველოს აჩენს საიმედო მოკავშირედ ევროპული და რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფოებისათვის, თორემ არავის არ მოსვლია აზრად, რომ საქართველომ რაიმე დესტრუქციული გააკეთოს, რომელიც ჩვენ ქვეყანას საფრთხის წინაშე დააყენებს. ლაპარაკია ელემენტარულ პარტნიორულ მოკავშირეულ და სიმართლის მჩვენები ხელისუფლების არსებობაზე“, – განაცხადა ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ.