გამოცემა Time Out-მა 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო გასტრონომიული ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა 24 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვას, ასევე შეფმზარეულების, რესტორნების კრიტიკოსებისა და კვების ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებებს ეფუძნება.
ევროკავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო შედეგი ბარსელონამ აჩვენა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეხუთე ადგილზე გავიდა. ავტორების შეფასებით, ქალაქი ხმელთაშუა ზღვის კულინარიულ ტრადიციებს თანამედროვე გასტრონომიულ კულტურასთან წარმატებით აერთიანებს და ესპანეთის ერთ-ერთ მთავარ საკვებ დედაქალაქად მიიჩნევა.
მსოფლიოს საუკეთესო გასტრონომიულ ქალაქებს შორის მოხვდნენ ასევე ათენი (მე-9 ადგილი), ლისაბონი (მე-10 ადგილი) და ნეაპოლი (მე-14 ადგილი), სადაც განსაკუთრებულად გამოირჩევა ადგილობრივი კაფეები, საცხობები და ტრადიციული სამზარეულო.
ევროპული ქალაქებიდან რეიტინგის პირველ ოცეულში მოხვდნენ ასევე მარსელი (მე-18 ადგილი) და კოპენჰაგენი (მე-19 ადგილი). მარსელი დადებითად შეფასდა როგორც ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კვების ობიექტების ქალაქი, ხოლო კოპენჰაგენმა მაღალი ქულები თანამედროვე კაფეების დამსახურებით მიიღო.

Time Out-ის მიხედვით, თანამედროვე გასტრონომიული ტურიზმი მხოლოდ ცნობილი რესტორნებით აღარ შემოიფარგლება. მოგზაურები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ადგილობრივი ბაზრებით, საოჯახო კაფეებით, ქუჩის საკვებითა და იმ ადგილებით, რომლებიც ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებას ყველაზე კარგად წარმოაჩენს.

მსოფლიოს 20 საუკეთესო გასტრონომიული ქალაქი 2026 წელს
- ლიმა
- ბანგკოკი
- მეხიკო
- ლონდონი
- ბარსელონა
- ჰო ში მინი
- მელბურნი
- პეკინი
- ათენი
- ლისაბონი
- კეიპტაუნი
- ოსაკა
- ბენგალურუ
- ნეაპოლი
- ნიუ-იორკი
- ჰონგ-კონგი
- ბუენოს-აირესი
- მარსელი
- კოპენჰაგენი
- მედელინი.